დავით ნარმანია: გარკვეულ კომპანიებს სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გარკვეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება უგვიანდებათ, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, რომ შეისწავლოს ყველა მსგავსი შემთხვევა და გატარდეს პასუხიმგებლობასთან დაკავშირებული ზომები.  "ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა სხვადასხვა ქუჩების, მოედნების, სკვერების თვითნებურად გადათხრის ფაქტები. არის შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორებს აქვთ ნებართვები, თუმცა უგვიანდებათ ცალკეულ კომპანიებს დადგენილ ვადებში შესაბამისი სამუშაოების შესრულება, რაც სამართლიანად იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ვავალებთ, რომ რაიონული სამსახურების მეშვეობით, რაც შეიძლება დროულად შეისწავლოს ყველა მსგავსი შემთხვევა, მოგვაწოდოს წინადადებები და ნორმების დაცვით გავატაროთ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ზომები", - განაცხადა ნარმანიამ.

ამასთან, პასუხისმგებლობების გამკაცრებასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე თავის ხედვას წარმოადგენს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.  "ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ცვლილებები აუცილებლად უნდა გავატაროთ და უფრო მეტად უნდა გავამკაცროთ ქალაქში არსებული მდგომარეობა. ნებისმიერი სამუშაო, რომელიც აუცილებლად არის ჩასატარებელი, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ადეკვატურად იქნება ნაპასუხები, ანუ მიეცემა ნებართვა, თუმცა სამუშაო, რაც ითვალისწინებს კომუნიკაციის გაყვანას ან საინჟინრო ქმედებების განხორციელებას, აუცილებლად დროულად უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ნარმანიამ.