სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელსაც არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი იქნება შეშით

თბილისის მერია ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სამუშაოების განხორციელებას იწყებს. დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე რაიონულ გამგეობებს, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს და "თბილსერვისჯგუფს" შესაბამისი დავალებები მისცა. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელსაც არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება შეშით.  "ზამთრის სეზონი მოახლოვდა. ტრადიციულად ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოებია აუცილებლად ჩასატარებელი. ვავალებ რაიონულ გამგეობებს, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, მოხდეს მათი უზრუნველყოფა შეშით. ამიტომაც დროულად მივხედოთ მოსახლეობის ამ ნაწილს", - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერმა ასევე საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მისცა დავალება, რომ გათბობასთან დაკავშირებით შემოწმდეს ყველა საბავშვო ბაღი.  "საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვავალებ, რომ შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი და ბაღებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ ყველა საბავშვო ბაღი მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი, თუმცა გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს უახლოეს დღეებში უნდა იქნეს წარმოებული", - განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა "თბილსერვისჯგუფს" ასევე ზამთრის სეზონისთვის გზების მოვლა-პატრონობა დაავალა. "ასევე "თბილსერვისჯგუფმა" უნდა მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.