ირმა ქავთარაძის შეფასებით, მსოფლიო ბანკის ანგარიშში საქართველოს რეიტინგი არსებული პროგრესის მაჩვენებელია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის შეფასებით, მსოფლიო ბანკის მიერ "Doing Business"-ის ანგარიშში საქართველოს რეიტინგი ქვეყანაში არსებული პროგრესის მაჩვენებელია. აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით ქავთარაძემ დღეს მედიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის კვლავ 24-ე ადგილზეა.  "Doing Business-ის 2016 წლის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს 165 ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს, შვეიცარიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, ესპანეთს, იაპონიას, ბელგიას, იტალიას, ლუქსემბურგს და ა.შ. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესებულია 76.84-დან 77.45-მდე, რაც პროგრესის მაჩვენებელია. საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით", - აღნიშნა ირმა ქავთარაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ განახორციელა 2 რეფორმა, რომელმაც ბიზნესის კეთება უფრო მარტივი გახადა.  "საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 10-დან 3 კომპონენტში, 5 კომპონენტში ქულები არის გაუმჯობესებული, ხოლო დანარჩენ 5 კომპონენტში უცვლელია. შარშან გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 13 ინდიკატორში, არც ერთ ინდიკატორში არ გაუარესებულა, ხოლო 6 ინდიკატორი არის ახალი, რომლებიც ადრე არ არსებობდა, ან არის სრულიად ახლად დამატებული, ან შეცვლილი," - განმარტა ირმა ქავთარაძემ. უფრო დეტალურად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით: 2016 წლის "Doing Business"-ის შეფასებით, საქართველომ ორი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა მშენებლობის ნებართვის გაცემის და კონტრაქტების აღსრულების გამარტივების კუთხით. მშენებლობის ნებართვის გაცემა: შემცირდა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დრო, რომელიც პრაქტიკაში სრულად განხორციელებულია; კონტრაქტების აღსრულება: სასამართლოში შემოღებულ იქნა დოკუმენტების ელექტრონული წარდგენის სისტემა, რომლის შედეგად გამარტივდა კონტრაქტების აღსრულება.

"რეიტინგი გაუმჯობესებულია შემდეგ 3 კომპონენტში: 1. ელექტროენერგიით მომარაგება - გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 62-ე ადგილზე გადმოინაცვლა 70-ე ადგილიდან. ქულა გაუმჯობესებულია 72.89-დან 76.15-მდე. 2. კონტრაქტების აღსრულება - გაუმჯობესდა 5 პოზიციით და მე-13 ადგილზე გადმოინაცვლა მე-18 ადგილიდან. ქულა გაუმჯობესებულია 73.21-დან 75.06-მდე. 3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება - გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 101-ე ადგილზე გადმოინაცვლა 105-ე ადგილიდან. ქულა გაუმჯობესებულია 39.60-დან 40.24-მდე.  სარეიტინგო ქულები ასევე გაუმჯობესებულია შემდეგ კომპონენტებში: მშენებლობის ნებართვის მიღება - 82.38-დან 82.77-მდე; ბიზნესის დაწყება - 97.73-დან 97.78-მდე.  2016 წლის Doing Business-ის შეფასება ეფუძნება მნიშვნელოვნად შეცვლილ მეთოდოლოგიას - გაფართოვდა კვლევის ფარგლები და მეთოდოლოგია, კვლევას დაემატა ხარისხობრივი მონაცემები, რომელიც ადრე არ ფასდებოდა. განხორციელდა 6 მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის, რეიტინგს დაემატა 3 ახალი ინდიკატორი, ხოლო 3 შეიცვალა. სწორედ ამ ცვლილებამ განაპირობა ის, რომ ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით გადაანგარიშდა ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს 2015 წლის პოზიციაც და მე-15 ადგილის ნაცვლად, საქართველოს 24-ე ადგილი მიენიჭა.  შეფასებას დაემატა 3 ახალი ინდიკატორი და 3 ინდიკატორი შეიცვალა. დამატებული ინდიკატორებია: (სულ 3) მშენებლობის ხარისხის კონტროლოს ინდექსი; ელექტროენერგიის წყაროს საიმედოობის და ტარიფების გამჭვირვალეობის ინდექსი; მიწის ადმინისტრირების ხარისხის ინდიკატორი ქონების რეგისტრაციის კომპონენტში, რომელიც მოიცავს კადასტრით დაფარვას.

წინა წლებში, ყურადღება ნაკლებად მახვილდებოდა რეფორმების ხარისხზე. როგორც მშენებლობის ნებართვის, ასევე ქონების რეგისტრაციის კომპონენტში კადასტრით დაფარვის (მიწების აღრიცხვა-რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით) კუთხით რომ შეფასებულიყო საქართველო წინა წლებში, მას ვერ ექნებოდა იგივე პოზიციები, რადგან არ არსებობდა მშენებლობის ხარისხის კონტროლი, გაცილებით ნაკლები იყო კადასტრით დაფარვა, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფები არ იყო გამჭვირვალე.  დღეისთვის ამ მიმართულებებით ყველგან არის პროგრესი, წინა წლებთან შედარებით.  მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით - საქართველომ შეიმუშავა მშენებლობის კოდექსი, რომელიც უკვე მოიცავს მშენებლობის ხარისხის კონტროლის მექანიზმებს. ჩატარდა კოდექსის პროექტის საჯარო განხილვები. დღეისთვის დოკუმენტი შეთანხმებულია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის ბიზნესთან და უახლოეს სესიაზე წარედგინება პარლამენტს განსახილველად. კადასტრით დაფარვა/მიწების აღრიცხვა-რეგისტრაცია - წინა წლებში არ იყო აღრიცხული და დარეგისტრირებული იმ რაოდენობის მიწის ნაკვეთები, რაც დღეს არის და შესაბამისად - კადასტრით დაფარვა იყო ნაკლები. უკვე შემუშავებულია კანონპროექტი, რომელშიც განსაზღვრულია მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები თანამედროვე მოთხოვნების და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან ჯერ კიდევ შარშან გააფორმა ხელშეკრულება რომელიც ითვალისწინებს მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი დაწყებულია და ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით მიწების ეტაპობრივად სრულად აღრიცხვას.

გარდა ამისა, დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში უკვე იდენტიფიცირებულია: თბილისის მასშტაბით 700 ჰა მიწის ფართობი, ხოლო რეგიონების მასშტაბით - 131 ათას ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და 450 ჰა-მდე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ეს პროცესი გრძელდება და დასრულდება 2016 წლის ბოლოსთვის. ასევე, თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიწის რეგისტრაციის უფლება, გარდა ცენტრალური ხელისუფლებისა, მიეცათ მუნიციპალიტეტებს, რამაც ფაქტობრივად შექმნა კონკურენცია და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მუნიციპალიტეტების მიერ მიწის აღმოჩენა/რეგისტრაციის პროცესს.  ელექტროენერგიის წყაროს საიმედოობა და ტარიფების გამჭვირვალეობა - ინდიკატორი ზომავს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირეს, ელექტროენერგიის გამორთვების საშუალო ხანგრძლივობას და ტარიფების გამჭვირვალეობას. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირეს და ელექტროენერგიის გამორთვების საშუალო ხანგრძლივობას აკვირდება სემეკი სპეციალური ინდექსების (SAIDI, SAIFI) მეშვეობით, რომლებიც ყოველწლიურად უმჯობესდება. რაც შეეხება ტარიფებს, უკვე შეიცვალა ადრე დამკვიდრებული პრაქტიკა და მიმდინარე წლის სექტემბრიდან დგინდება გამჭვირვალედ, სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად და არა მემორანდუმების საფუძველზე, როგორც ეს ადრე იყო. შესაბამისად, დღეს ჩვენ ამ ნაწილში უკვე გვაქვს გაუმჯობესებული სურათი. შეცვლილი ინდიკატორებია (სულ 3) სასამართლო პროცესების ხარისხის ინდიკატორი (კონტრაქტების აღსრულების კომპონენტში) - წლევანდელ შეფასებას დაემატა ხარისხი, მაშინ, როდესაც გასული წლის კვლევა მოიცავდა პროცედურების რაოდენობას; საზღვრებს შორის ვაჭრობის კომპონენტში 2 ინდიკატორი - ექსპორტისთვის საჭირო დრო და პროცედურები და იმპორტისთვის საჭირო დრო და პროცედურები - შეიცვალა თვისობრივად. იზომება არა მხოლოდ ექსპორტიორ, არამედ ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანაში იმპორტ/ექსპორტის დოკუმენტების მოპოვება, მომზადება, წარდგენა. შესაბამისად, შესასწავლი სფერო გასცდა საქართველოს ფარგლებს და მოიცავს იმ უცხო ქვეყნებსაც, სადაც, ან რომლის გავლითაც ხორციელდება იმპორტ/ექსპორტი.

Doing Business-ის მეთოდოლოგია, რომელმაც განიცადა ცვლილებები უფრო სიღრმისეულად აფასებს ქვეყნების მდგომარეობას და არ შემოიფარგლება მხოლოდ პროცედურების თუ სხვა მაჩვენებლების რაოდენობითა თუ ღირებულებით, არამედ აფასებს რეგულაციების ხარისხსაც. აღსანიშნავია, რომ შარშან დაწყებული მეთოდოლოგიის ცვლილება გრძელდება და მომავალ წელსაც იგეგმება მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმებზე, რაც ასევე აისახება Doing Business-ის რეიტინგზე: მომზადებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც უკვე განხილულია ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და პრაქტიკოს იურისტებთან. მზადების პროცესშია ცვლილებები "მეწარმეთა შესახებ" კანონში და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში. მომზადებულია სამშენებლო კოდექსის პროექტი, შეიქმნა ინვესტორთა საბჭო; შემცირდა მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადა; საქალაქო სასამართლოში ამოქმედდა ელექტრონული დეკლარირების სისტემა. www.icourt.ge პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საჩივრის შეტანა ელექტრონულად, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად; რეფორმები გრძელდება სხვა მიმართულებებითაც.

2016 წლის დასაწყისში საქართველოში ჩატარდება Doing Business-ის რეგიონული კონფერენცია, (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), სადაც განიხილება საქართველოს ბიზნეს-გარემო და Doing Business-ის ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას მეთოდოლოგიურ ცვლილებებზე. ასევე, გაიმართება შეხვედრები კერძო სექტორის და მთავრობის წარმომადგენლებთან და განიხილება ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო რეფორმები", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.