ლარის გაუფასურებით ბანკებმა საოცარი მოგება მიიღეს

ერთ თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 85,3 მილიონი ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა პროცენტებიდან მიღებულმა შემოსავლებმა. საბანკო სფეროს სპეციალისტთა აზრით, ბანკების რეკორდული მოგება პირდაპირ უკავშირდება ლარის გაუფასურებას.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგების მაჩვენებელმა 377 მილიონ ლარს მიაღწია. მთლიანობაში ბანკების შემოსავალი 2,643 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მხოლოდ ერთ თვეში 283-მილიონიანი ზრდა აღინიშნება. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კომერციულ ბანკებს წარმატებული კვარტალი ჰქონდათ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი შემოსავალი და მოგება გაიზარდა. ბუნებრივია, ბანკების შემოსავლის ყველაზე დიდი წილი სესხებზე მოდის. 9 თვეში სესხებიდან მიღებული შემოსავალი - 1,452 მილიონი ლარია, ანუ 276 მილიონი ლარით მეტი შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებული ზრდა პროცენტულ შემოსავლებში აღინიშნება, ერთ თვეში ბანკებმა პროცენტებიდან - 190 მილიონი ლარით მეტი მიიღეს. აქედან ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალი 97,3 მილიონით გაიზარდა, ხოლო იურიდიული პირებიდან - 73 მილიონი ლარით. გარდა ამისა, 40 მილიონ ლარამდე იმატა საკომისიოებიდან მიღებულმა შემოსავალმა.

მთლიანობაში, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით) 15.7 მლრდ ლარს მიაღწია. სექტემბერში ეროვნულ ვალუტაში 90 მილიონ ლარამდე სესხი გაიცა, თუმცა ლარში დომინირებული სესხების წილი ისევ მკვეთრად დაბალია და მხოლოდ 36%-ს (5,5 მლრდ ლარი) შეადგენს. შესაბამისად, სესხების 64% დოლარშია გაცემული. სექტემბერში უცხოური ვალუტით 238 მილიონი დოლარის კრედიტი გაიცა. ამიტომაც, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ქვეყნის მთავარ გამოწვევად სწორედ სესხების დოლარიზაციას ასახელებენ. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დოლარიზაციის შემცირება უნდა ყოფილიყო და დღეს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე ასე მძიმედ არ აისახებოდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სექტემბრის ბოლოსთვის საბანკო სექტორის აქტივები 24,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მთლიანობაში ბანკების საკუთარი სახსრები 3.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მათი მთლიანი აქტივების 13.4%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 19 კომერციული ბანკი საქმიანობს, 5 უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სქეტორის მთლიან აქტივებში 79%-ია, ხოლო 2 ბანკის ("საქართველოს ბანკი", "თიბისი") წილი კი - 62%.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, რომ ფულს გააჩნია რეალური ღირებულება დროში. რაღაც პერიოდში მისი ფასი იცვლება.

შესაბამისად, ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა კარგად იციან, რომ მათ არ უნდა გასცენ ისეთი მოცულობის თანხა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ გაუფასურდება. ამას ემატება ისიც, რომ კომერციული ბანკები პრევენციისთვის სესხებს გასცემენ ლარში, თუმცა უკან იბრუნებენ დოლარის კურსით. "ბანკები უკვე დოლარის კურსის მიხედვით იღებენ ლარში გაცემულ კრედიტსაც, შესაბამისად, ლარის დევალვაციით ლარში მათ შეძლეს საკმაოდ დიდი მოგების მიღება", - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.

საბანკო სპეციალისტის ლია ელიავას განცხადებით, საფინანსო ბიზნესი, სხვა სექტორებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია და ეს ბუნებრივიცაა. საფინანსო სექტორის საქმიანობა გულისხმობს შედარებით მცირე ხარჯს და შემოსავალიც სწრაფად მზარდია. "ბუნებრივია, აქტივებისა და კრედიტების მოცულობის მატებასთან ერთად, კომბანკების შემოსავალიც იზრდება. ამ პროცესს ხელს უწყობს უზარმაზარი პრეფერენციები საბანკო სექტორისთვის, რაც ეკონომიკის სხვა დანარჩენი სექტორებისთვის საერთოდ არ არსებობს. გარდა ამისა, მაღალი საპროცენტო განაკვეთებიც უნდა ზრდიდეს კომერციული ბანკებისთვის მოგებას", - ამბობს ლია ელიავა და აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა საქართველოში საკმაოდ კარგად არის აწყობილი. ამასთან, არც ისეთი მაღალი რისკის ზონაშია ქვეყანა, რომ ბანკები მომხმარებელს კრედიტებზე ასეთ მაღალ პროცენტს უწესებდნენ.

"ბანკების მიერ თავის დაზღვევა და დიდი საპროცენტო განაკვეთების მაღალი რისკიანობით გამართლება ცოტათი გადაჭარბებულია. ვფიქრობ, რისკზე საუბრით არსებული საპროცენტო განაკვეთების გამართლება ხდება. ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა მოახდინოს კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთებზე როგორც ადმინისტრაციული, ასევე ეკონომიკური მეთოდებით, თუმცა ამას არ აკეთებს. არადა, კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთები ეს არის ინდიკატორი საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეებისთვის", - ამბობს ლია ელიავა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები კიდევ უფრო მეტად გაძვირდა. ამ ტიპის კრედიტებზე საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 1.8 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 20.6% შეადგინა. ფიზიკური პირებისთვის კი განაკვეთი 2.1%-ით გაიზარდა და 24.5%-ს მიაღწია. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.1%-ით შემცირდა და 10.9%-ს გაუტოლდა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"