chill-out ”მერსედესისგან” - Vision Tokyo ინოვაციური სალონით

კომპანია Mercedes-Benz-მა ტოკიოს ავტოსალონზე, რომელიც გუშინ გაიხსნა, ახალი კონცეპტუალური მოდელი წარადგინა, სახელწოდებით Vision Tokyo. სიახლე წარმოადგენს კომპანიის ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის მდიდრული ავტომობილები. ეს არის დამოუკიდებლად მოძრავი მანქანა. მთავარი აქცენტი მის ინტერიერზეა გაკეთებული, რომელიც თავის მხრივ, ლაუნჯი უფროა, ვიდრე ავტომობილის სალონი.

bpn

"Mercedes-Benz Vision Tokyo წარმოადგენს მეგაქალაქებში მცხოვრები მომავალი თაობების ავტომობილს და ამავდროულად, ის არის კომპანიის მომავლის ხედვა მდიდრულ ავტომობილზე. ამით კომპანია ცდილობს წარმოადგინოს ავტომობილი, რომელიც განტვირთვის საშუალებასაც მოგცემთ”, - განაცხადა ”დაიმლერის” მთავარმა დიზაინერმა გორდენ ვაგნერმა. ჯერ კიდევ იანვარში ლას ვეგასში წარმოდგენილი კონცეპტის Luxury in Motion-ის მსგავსად, Vision Tokyo-ც აღჭურვილია ელექტრო ჰიბრიდული ძრავით, რომელიც დაწყვილებულია წყალბადის ძრავთან. სრულად დამუხტვის შემთხვევაში, ავტომობილს 980 კმ-ის გავლა შეუძლია. აქედან 190კმ ელექტროძრავზე მოდის, დანარჩენი კი - ჰიდროძრავზე. სიახლე ასევე აღჭურვილია სხვადასხვა ელექტრონული ”ნოუ ჰაუთი”.

Mercedes-Benz-მა მიმდინარე წლებში არაერთი კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგინა, რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილდება. ამ გზით კომპანია გეგმავს, სერიული წარმოების ”სელფ-დრაივები” 2020 წლისთვის წარმოადგინოს.

კოკა კვირკველია