იავან ოჰალორანი : ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია

ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო კვლავ მოწინავე შემსრულებელია, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, იავან ოჰალორანი აცხადებს, რომელიც 2016 წლის Doing Business-ის ანგარიშს ეხმაურება.

მისივე განმარტებით, მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც გასულ წელს განახორციელა ორი მნიშვნელოვანი რეფორმა - კონტრაქტის აღსრულების გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვის გამარტივება ნებართვის გასაცემად საჭირო დროის შემცირებით.  "აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შეფასებისას გამოყენებული იყო ახალი მიდგომა და მეთოდოლოგია. სწორედ ამან განაპირობა, რომ საქართველოს მიენიჭა 24-ე ადგილი. წლევანდელ მოხსენებაში გამოყენებული შეფასების ახალი, გაფართოვებული მეთოდოლოგია გამოყენებული რომ ყოფილიყო წინა წლის შეფასებისას, საქართველოს პოზიცია უცვლელი დარჩებოდა," - განაცხადა იავან ოჰალორანმა.

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.