საქსტატის ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში სასაკლაოებში 240 438 სული პირუტყვია დაკლული

2014 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 240 438 სული პირუტყვი, მათ შორის 77.0% მსხვილფეხა, ხოლო 23.0% - წვრილფეხა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატმა სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2014 წელს საქართველოში 77 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.8% მდებარეობს იმერეთში, 18,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 16,9% - კახეთში, 13,0% - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 31,2% - სხვა რეგიონებშია განთავსებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში მოქმედ სასაკლაოებში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 12 192 ერთეული პირუტყვის დაკვლაა შესაძლებელი (ნაკლავის შესაძლო მაქსიმალური დღიური მოცულობა).

სასაკლაოების მიერ გასული წლის განმავლობაში 15990,6 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა), საიდანაც უდიდესი ნაწილი (94.0%) მსხვილფეხა პირუტყვის ხორცზე მოდიოდა.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში დაკლული პირუტყვიდან 18.9% შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ. მომსახურების ღირებულებამ 5,0 მლნ ლარი შეადგინა, მომსახურება გაეწია 28792 პირს, საიდანაც 48.6% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალოწლიურმა რაოდენობამ 513 კაცი შეადგინა. სასაკლაოების უმრავლესობა (50.6%) ნაწილობრივ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 39.0% აღჭურვილია სრულად, ხოლო 10,4% არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სასაკლაოების 71.1% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 28.9%-ს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 90.9% - ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 4.5%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის და 4.5%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის; სასაკლაოების 33,8% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს. სასაკლაოების 18,2% მნიშვნელოვან ფაქტორად მომსახურებაზე დაბალ მოთხოვნას ასახელებს, 13,0% - ფინანსურ რესურსებზე სუსტ ხელმისაწვდომობას, 11,0%-ის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს კომუნალური გადასახადების სიდიდე, 7,8%-ის აზრით – თანამშრომელთა კვალიფიკაცია, 3,9%-ის აზრით - სუსტი კავშირი მწარმოებლებთან, 2,6% - სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს ასახელებს, ხოლო დარჩენილი 7,8% - სხვა ფაქტორებზე მოდის.

საქსტატის ცნობით, 2014 წელს საქართველოში 57 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (28,1%) და კახეთში (24,6%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 14,0% მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 12,3% - ქ. თბილისში, 8,8% - ქვემო ქართლში, 8,8% - იმერეთში, ხოლო დარჩენილი 3,6% - სხვა რეგიონებშია განთავსებული. 2014 წლის განმავლობაში სამაცივრეებში მომსახურება გაეწია 1052 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია 247 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 776 კაცი შეადგინა. 2014 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 164.0 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 66.8 %-ს წარმოადგენდა პირუტყვის ხორცი, 12,6% მოდიოდა თევზზე, 11,4% - ქათმის ხორცზე/ქათმის ბარკალზე, 3,9% - კარაქზე, 3,2% - ბანანზე, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2014 წლის განმავლობაში შესყიდულია 6,5 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, მან 4,8 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 2,9 მლნ ლარი. საქსტატის ცნობით, 2014 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 13,2 მლნ ლარის ღირებულების (36,5 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში უდიდესი ნაწილი (70,6%) იყო იმპორტირებული. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის 99% ბანანის სახით იყო წარმოდგენილი. ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციაში მოცულობის მიხედვით ჭარბობდა ვაშლი (რომელზეც მოდიოდა სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 95%), ხოლო ღირებულების მიხედვით ნაყინი (48%) და ატამი (34%). სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 27,8% უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული (ძირითადად ბანანი და ვაშლი). სამაცივრე მეურნეობების 49,0% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია ნაწილობრივ, 33,3% სრულად, ხოლო 17,6% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების მხოლოდ 52,7%. აქედან უმრავლესობას (69,0%) სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 20,7%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 10,3%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის;

სამაცივრე მეურნეობების 26,4% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე მომსახურებაზე დაბალი მოთხოვნა ახდენს. 20,8% მნიშვნელოვან ფაქტორად მოწყობილობის და ტექნოლოგიის უქონლობას ასახელებს, 15,1%-ის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს კომუნალური გადასახადების სიდიდე, 11,3% - ამის მთავარ მიზეზად ფინანსურ რესურსებზე სუსტ ხელმისაწვდომობას მიიჩნევს, 9,4% - სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს, 5,7% - სუსტ კავშირს მწარმოებლებთან, 3,8%- თანამშრომელთა კვალიფიკაციას, ხოლო დარჩენილი 7,5% - სხვა მიზეზებს ასახელებს.  რაც შეეხება ელევატორებს, საქსტატის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში 40 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (60,0%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 17,5% ფუნქციონირებს თბილისში, 10,0% - შიდა ქართლში, 5,0% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.  გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2014 წლის განმავლობაში ელევატორებში მომსახურება გაეწია 3361 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 80075 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 1382 კაცით განისაზღვრა.

ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2014 წლის განმავლობაში შესყიდულია 103,7 ათასი ტონა პროდუქცია, რომელიც თითქმის მთლიანად იმპორტირებული იყო, ხორბლის უმნიშვნელო ნაწილის გარდა. მომსახურების საფასურმა 39,5 ათასი ლარი, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 1236,4 ათასი ლარი შეადგინა. 2014 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 55,9 მლნ ლარის ღირებულების 143,9 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 82.8% იყო იმპორტირებული. ამასთან, ელევატორების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ხორბლის და სიმინდის სახით იყო წარმოდგენილი (შესაბამისად 42,7% და 40,7%). ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციაში მოცულობის მიხედვით ჭარბობდა სიმინდი (რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 35,9%), ხორბალი (32,9%), მზესუმზირის შროტი (12,7%) და სოიო (11,2%). ღირებულების მიხედვითაც იგივე პროდუქცია, ოღონდ განსხვავებული წილებით: ხორბალი (32,9%), სიმინდი (27,6%), სოიო (21,4%) და მზესუმზირის შროტი (12,2%).

ელევატორების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 35,6% უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული. ელევატორების 27,5% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 15,0% - ნაწილობრივ, ხოლო 57,5% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს ელევატორების 47,5%. აქედან 36,8%-ს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 52,6%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 10,5%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის; ელევატორების 51,3% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს. 17,9% მნიშვნელოვან ფაქტორად კომუნალური გადასახადების სიდიდეს ასახელებს, 15,4%-ის აზრით კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ფინანსურ რესურსებზე სუსტი ხელმისაწვდომობა, 7,7% - მთავარ მიზეზად სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს, ხოლო 7,7% - მომსახურებაზე დაბალ მოთხოვნას მიიჩნევს.