სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქართულ-ბულგარული ბიზნესფორუმი გაიმართა

სასტუმრო "ვერე პალასში", სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ავეჯის წარმოების, ვაჭრობის და დისტრიბუციის შესახებ ქართულ-ბულგარული ბიზნესფორუმი გაიმართა. როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მრჩეველმა, ნათია მეფარიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ბულგარელი ბიზნესმენები ეწვივნენ.  "ფორუმის კონკრეტული თემა არის ავეჯის წარმოების, ვაჭრობის და დისტრიბუციის სფერო. ფორუმის მიზანია ამ სფეროში ურთიერთობების გამყარება. დღეისათვის უკვე არის ინფორმაცია, რომ საქართველოს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვს ბულგარეთთან ამ მიმართულებით. ეს დელეგაცია, რომელიც დღეს არის მოწვეული და მონაწილეობენ ამ ფორუმში, მათი ინტერესი არის ავეჯი. მათ აქვთ შეთავაზებები ქართველი ბიზნესმენებისთვის. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი ძალიან საინტერესო იქნება. ამაში ჩართულია ბულგარეთის საელჩო, ბულგარეთის საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი, იორდან ტენევი არის მონაწილე აღნიშნული ფორუმის. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ბულგარეთთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა იქნება", - განაცხადა ნათია მეფარიშვილმა.

როგორც საქართველოში ბულგარეთის ელჩის ეკონომიკურმა მრჩეველმა, იორდან ტენევმა განაცხადა, ამ ფორუმის მიზანია, ავეჯის მწარმოებელი ბულგარული კომპანიების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და გაეცნონ საქართველოში ამ სფეროში არსებულ ვითარებას, გაიცნონ პარტნიორები და ასევე წარმოადგინონ თავიანთი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია. "ბულგარეთი ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია ევროპაში", -აღნიშნა ტენევმა.

მისივე თქმით, ფორუმი იქნება ორდღიანი. დღეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, ხვალ კი ავეჯის რამდენიმე დიდ სავაჭრო ცენტრს ეწვევიან. როგორც ელჩის მრჩეველმა აღნიშნა, ბულგარეთიდან ჩამოსულები არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნელები. მისი თქმით, ბულგარეთში არის ფონდი, რომელიც მცირე და საშუალო კომპანიებს ეხმარება, იპოვონ პარტნიორები, რადგან დიდი კომპანიები პარტნიორებს თვითონ პოულობენ.  როგორც იორდან ტენევმა აღნიშნა, საქართველოს და ბულგარეთს შორის ვაჭრობა მაღალ დონეზეა.