იტალიურმა კომპანიამ საქართველოს საწერი კალმების კოლექცია მიუძღვნა

იტალიურმა კომპანიამ Montegrappa საწერი კალმების ახალი კოლექცია გამოუშვა, რომელიც საქართველოს, ჩეჩნეთს, თათრეთსა და რუსულ რუბლს მიუძღვნა.

კოლექციას საფუძვლად დაედო მოდელი „ფორტუნა“.

„მონტეგრაპას“ ახალი კოლექცია ეროვნული სიმბოლოებით არის გაწყობილი. საქართველოსთვის მიძღვნილი კალმების კორპუსსა და სახურავს ჯვრის ორნამენტები ამშვენებს, როგორიც ეროვნულ დროშაზეა გამოსახული. კალამზე ასევე ამოტვიფრულია საქართველოს გერბი და ძველი რუკა.

მოდელებს შორის არის მოოქროვილი კალმებიც.

Montegrappa საწერი ინსტრუმენტების პირველი იტალიური კომპანიაა, რომელიც 1912 წელს დაარსდა.