საქართველოს ბიზნესასოციაცია საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროექტი დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად ზღუდავს მესაკუთრეთა უფლებას - ეფექტურად დაიცვან თავიანთი საკუთრება უკანონო ხელყოფისაგან და ხელშეშლისაგან.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აზრით, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ სრულად იქნა იგნორირებული არასამთავრობო სექტორისა და საფინანსო ინსტიტუტების არგუმენტები და კრიტიკული პოზიცია ე.წ. "საპოლიციო გამოსახლების" ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც შესაბამისი კანონპროექტის მიღება დღეს უკვე მესამე მოსმენით იგეგმება. ჩვენი აზრით, პროექტი დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად ზღუდავს მესაკუთრეთა უფლებას - ეფექტურად დაიცვან თავიანთი საკუთრება უკანონო ხელყოფისაგან და ხელშეშლისაგან; შემოთავაზებული ცვლილებებით კნინდება უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის როლი და რეესტრის სისწორის პრეზუმფცია, რადგან მიუხედავად საკუთრების რეგისტრირებული უფლებისა, ყოველ სადავო შემთხვევაში, მესაკუთრე იძულებული გახდება თავისი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ეს კი დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დროსთან. ცვლილებები ნეგატიურად აისახება უძრავი ქონების ბაზარზეც, გააძვირებს იპოთეკურ სესხებს და გაართულებს მათზე ხელმისაწვდომობას.

ინიცირებული ცვლილებების პაკეტი სირთულეების წინაშე აყენებს არა მარტო ბიზნესს, არამედ უძრავი ქონების მესაკუთრე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც თავის საკუთრებას ფინანსური სარგებლის მისაღებად იყენებს. საერთო ჯამში კი ეს ყველაფერი ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ქვეყანის რეიტინგზე საკუთრების უფლების დაცულობის მხრივ; სწორედ იმ საკუთრების უფლებისა, რომლის გარანტიც სახელმწიფოა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, ვალდებულია შექმნას და შეინარჩუნოს ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ეფექტურ დაცვას, რაც თავის თავში ბუნებრივად მოიცავს საკუთრების უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლის აღკვეთის ეფექტური მექანიზმების არსებობასაც", - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.