ოთარ დანელიას განმარტებით, გაუგებარია რას ემსახურება "როსსელხოზნადზორის" განცხადება

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოდან რუსეთში ცოცხალი საქონლის შეტანის აკრძალვა 2008 წელს მოხდა და მისთვის გაუგებარია, თუ რას ემსახურება დღეს აკრძალვის შესახებ განცხადების გავრცელება. ამის შეხახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ "პალიტრა TV"-ს გადაცემა "საქმეში" სტუმრობისას განაცხადა.

"ეს სიახლეს არ წარმოადგენს და 2008 წლის შემდეგ არსებული მოცემულობაა. ამ განცხადების გამოქვეყნება რას ემსახურებოდა, არ ვიცი. არაფერი არ აკრძალულა, რაც აქამდე არ ყოფილა აკრძალული. 2007 წელს დაფიქსირდა საქართველოში პირველად აღნიშნული ჭირი და 2008 წლის შემდეგ რუსეთში ექსპორტი დაიხურა ცხოველური წარმოშობის პროდუქტისათვის. ამ ეტაპზე გახსნილია თევზისა და თევზის ფქვილისათვის და ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. ხოლო უშუალოდ განცხადებას რაც შეეხება, ეს სიახლეს არ წარმოადგენს", - განაცხადა მინისტრმა.  ოთარ დანელიამ დაავადების გამოვლენის ფაქტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაავადების ფაქტები 2008 წლის შემდეგ აღარ გამოვლენილა, ხოლო მოინიტორინგი ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ყოველწლიურად ტარდება.

"როსსელხოზნადზორმა" საქართველოდან ცოცხალი საქონლისა და იმ პროდუქციის შეტანა აკრძალა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს ექვემდებარება. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სამმართველო რიაზანისა და ტამბოვის ოლქებში იტყობინება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირისა და დაავადება "თურქულის" კუთხით არსებული არასტაბილური ეპიზოოტური მდგომარეობის გამო, იკრძალება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცოცხალი საქონლის, ასევე ქართულ საწარმოებზე შექმნილი იმ პროდუქციის შეტანა, რომელიც სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს (ზედამხედველობას) ექვემდებარება", - ნათქვამია განცხადებაში. "როსსელხოზნადზორის" ცნობით, აკრძალვა არ შეეხება ისეთ პროდუქციას, როგორიცაა თევზი, ზღვის პროდუქტი და თევზის ფქვილი.