ირანული გაზის საკითხი სავარაუდოდ ნოემბერში გაირკვევა

ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პირადად არის ჩართული ირანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანასთან დაკავშირებულ საკითხში.

როგორც კალაძემ განმარტა, ნოემბრის შუა რიცხვებში ირანში ვიზიტს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც გახდება ცნობილი, "რამდენად შევძლებთ ბუნებრივი აირის წამოღებას". "ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია. თქვენ იცით, რომ დღეისთვის ამ ქვეყანასთან არის განსხვავებული მიდგომები. ის რესურსი, რომელიც ირანს გააჩნია, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უახლოეს მომავალში, ნოემბრის შუა რიცხვებში ვგეგმავთ ირანში ჩასვლას, სადაც გვექნება მოლაპარაკებები. მაშინ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი აირის წამოღება", - განაცხადა კალაძემ.