"საქაერონავიგაციამ" "ტუვ ზუდის" ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო

შპს "საქაერონავიგაციამ" "ტუვ ზუდის" ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შპს "საქაერონავიგაციამ" 2013 წელს ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დაასრულა.  მათივე ინფორმაციით, 2012 წელს კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა გერმანულ სააკრედიტაციო კომპანია "ტუვ ზუდ"-თან, რომლის ფარგლებში ქუთაისის ობიექტების მშენებლობის ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი ხორციელდებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია "ტუვ ზუდი" მსოფლიო მასშტაბით უზრუნველყოფს საინჟინრო, სატესტო და საკონსულტაციო მომსახურებას სისტემების, ინფრასტრუქტურისა და შენობა-ნაგებობების მდგრადობისა და უსაფრთხოებისთვის.

"გერმანული კომპანია ახორციელებდა მშენებლობის კონტროლს ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკისა და სანავიგაციო ოფისის მშენებლობის პერიოდში და მათი ექსლუატაციაში შესვლის შემდგომაც - ატარებდა ადგილზე ინსპექტირებას, მუდმივად გვაწვდიდა ანგარიშებს, სადაც ნებისმიერი მცირე ხარვეზიც კი იყო მითითებული, გვაძლევდა კონსულტაციას მათი აღმოფხვრის გზების შესახებ, რასაც ჩვენი გუნდი ასწორებდა. 2015 წელს "ტუვ ზუდ"-მა მშენებლობის ხარისხზე საბოლოო ინსპექტირება ჩაატარა და ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი გადმოგვცა, რაც ნიშნავს, რომ ქუთაისის სანავიგაციო ოფისი და სამეთვალყურეო კოშკი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვეამაყება პრესტიჟული სერტიფიკატის მიღება, თან დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. შეიძლება ითქვას, შპს "საქაერონავიგაციაში" დღეს მშენებლობების ბუმი გვაქვს, ვაშენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს - თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ცენტრს, თბილისის ადმინისტრაციულ შენობას, ახალ მეტეოოფისებს ქუთაისსა და ბათუმში. ეს სერტიფიკატი კი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, გვსურს, უმაღლესი ხარისხი ამ შემთხვევებშიც შევინარჩუნოთ და ამისთვის თავს არცერთი ჩვენგანი არ დაზოგავს", - განაცხადა შპს "საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკი და ადმინისტრაციული შენობა 2011-2013 წლებში შენდებოდა. ობიექტი, რომლის დიზაინი ცნობილ ჰოლანდიურ კომპანიას UNStudio-ს ეკუთვნის, უნიკალურია თავისი დიზაინით, ფუნქციით, განათების, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. კოშკის განათების პროექტი - ქარის სენსორული რეჟიმი, განათება და მართვის პულტი იტალიურ კომპანია "პრიმო ექსპოსურეს" ეკუთვნის, ოფისის განათება კი ესპანურ კომპანია "კობრას". სამშენებლო სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანიებმა შეასრულეს. სამინისტროს ცნობით, ქუთაისის ტაუერი თავისი სიმაღლითა და ორიგინალური დიზაინით აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეული სამეთვალყურეო კოშკურების ხუთეულშია შესული.