"Doing Business"-ის მიხედვით ტარიფების დადგენის პროცესი გაუმჯობესდა

"Doing Business"-ის მიხედვით ტარიფების დადგენის პროცესი გაუმჯობესდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან (სემეკი) აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის "Doing Business"-ის ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის წყაროს საიმედოობა და ტარიფების გამჭვირვალობა ყოველწლიურად უმჯობესდება. (ინდიკატორი ზომავს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირეს (SAIFI), ელექტროენერგიის გამორთვების საშუალო ხანგრძლივობას (SAIDI) და ტარიფების გამჭვირვალობას). ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირეს და ელექტროენერგიის გამორთვების საშუალო ხანგრძლივობას მონიტორინგს უწევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.  "რაც შეეხება ტარიფებს, ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით ამ კუთხით სიტუაცია გაუმჯობესებულია. შეიცვალა ადრე დამკვიდრებული პრაქტიკა და ტარიფები დგინდება გამჭვირვალედ, სატარიფო მეთოდოლოგიების შესაბამისად", - აცხადებენ სემეკში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ტარიფების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, კომისიამ სს "ენერგო პრო ჯორჯიასა" და სს "თელასისათვის" ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით მაქსიმალურად გაასაჯაროვა შესაბამისი დოკუმენტაციები, ასევე აღნიშნულ საკითხებზე კომისიაში მიმდინარე სამუშაოები. კერძოდ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებისთანავე კომისიის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განთავსდა ცნობები წარმოების დაწყების შესახებ, შესაბამისი გადაწყვეტილებები და ტარიფებთან დაკავშირებული დადგენილების პროექტები, რომლებზეც მოსაზრებების წარდგენა შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

"სს "თელასის" ტარიფის დადგენისას, ტარიფში შემავალ თითოეულ კომპონენტებთან დაკავშირებით ჩატარდა საჯარო მოსმენები (4 საჯარო მოსმენა), რომელსაც ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. რაც შეეხება ელექტროენერგიის გამორთვების საშუალო ხანგრძლივობას (SAIDI), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მონაცემებით, სს "თელასის" მაჩვენებელი 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია 47%-ით, სს "ენერგო პრო ჯორჯიას" ქალაქის მაჩვენებელი - 17%-ით, დაბის - 0.7%-ით, სოფლის 20%-ით. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირე (SAIFI) – სს "თელასის" შემთხვევაში გაუმჯობესებულია 27%-ით, ხოლო სს "ენერგო პრო ჯორჯიას" შემთხვევაში - ქალაქის მაჩვენებელი - 5.4%-ით, დაბის - 1.5%-ით, სოფლის - 3.3%-ით. სს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" შემთხვევაში SAIFI-ს ქალაქის მაჩვენებელი 9.5%-ით, ხოლო SAID-ის სოფლის მაჩვენებელი 5%-ითაა გაუმჯობესებული", - აცხადებენ სემეკში.