წყლის სულადობრივი გადასახადი – მძიმე ტვირთი აბონენტებისთვის

თბილისში წყლის გადასახადის გადამხდელთა ორი კატეგორია არსებობს. ერთი ნაწილი, რომელიც გადასახადს იხდის სულადობრივად, მეორე კი მრიცხველებზე ასახული მათ მიერ მოხმარებული და დახარჯული წყლის რაოდენობის მიხედვით.

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, სასმელ წყალს რაციონალურად არ მოიხმარს. წყლის რესურსი არამიზნობრივად იხარჯება იმ შემთხვევაშიც, თუ დაზიანებულია აბონენტის კუთვნილი სანტექნიკა. წყლის დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება საერთაშორისო და კარგად აპრობირებული პრაქტიკაა.

მაკა სვანიძეს წყლის მრიცხველი გასულ წელს დაუმონტაჟეს. მისი თქმით, როცა წყლის გადასახადს სულადობრივად იხდიდნენ, სამჯერ მეტის გადახდა უწევდათ.

„ოჯახში რეალურად სამი ადამიანი ვცხოვრობთ, მაგრამ ბინაში ჩემი დედამთილი და მამამთილიც ჩაწერილები არიან. როცა წყლის გადასახადს სულადობრივად ვიხდიდი, სამჯერ მეტის გადახდა მიწევდა, ახლა კი 3-4 ლარზე მეტი არცერთ თვეში არ მომსვლია. წყლის მრიცხველის დასაყენებლად ასი ლარი გადავიხადე, ეს თანხა 2 წელზე მაქვს გადანაწილებული და ყოველთვიურ დანახარჯს ემატება”, - ამბობს მაკა სვანიძე.

ნინო თოთლაძე bpn-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა წყლის გადასახადს 6 სულზე იხდის და მისი თქმით, ეს თანხა, თვეში 19 ლარამდე აღწევს. ,,სახლი გაქირავებული გვაქვს, ჩვენი ოჯახის ოთხი წევრის გარდა, აღნიშნულ ბინაში რეგისტრირებულია კიდევ 2 ადამიანი, რომელთაც სავარაუდოდ, დროებით საცხოვრებლად მიუთითეს ჩემი მისამართი. ვიდრე მონაცემთა ბაზიდან მათი გადამისამართება მოხდება, მომიწევს ამ თანხის გადახდა. გამრიცხველიანება ამ პრობლემას მომიგვარებდა, რადგან დამქირავებლები თავად გადაიხდიდნენ მოხმარებული წყლის საფასურს“.

სულადობრივ გადასახადთან შედარებით, გამრიცხველიანების უპირატესობაზე საუბრობს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

„ხშირად ხდება ისე, რომ ბინაში რეალურად შესაძლოა ერთი ადამიანი ცხოვრობდეს, მაგრამ რეგისტრირებული არიან ოჯახის სხვა წევრებიც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით რეგისტრაციიდან მოხსნას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გადასახადი გაცილებით მეტი მოდის. რეალურად, ერთი ადამიანის მიერ მოხმარებული წყალი, რა თქმა უნდა, ვერ გადააჭარბებს სულადობრივ გადასახადს. პირადად მე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და ბუნებრივი რესურსების დაზოგვაზე ორიენტირებული ადამიანი, ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი გამრიცხველიანება მოხდება, უკეთესია. რადგან წყალი, როგორც ბუნებრივი რესურსი, დაიზოგება. ჩემი აზრით, როცა მომხმარებელი უარს ამბობს გამრიცხველიანებაზე, უფრო ინფორმაციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. შეიძლება აბონენტი ფიქრობდეს, რომ მრიცხველის შემთხვევაში მეტი თანხის გადახდა მოუწევს, ვიდრე ამ ეტაპზე იხდის. სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. მომხმარებლისთვის გამრიცხველიანება, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება”, -აღნიშნა სალომე ვარდიაშვილმა.

თბილისის უბნების ნაწილში წყლის გამრიცხველიანება უკვე განხორციელდა. აღრიცხვიანობის სისტემის მოსაწესრიგებლად კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 2016 წელს 2 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც GWP-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, 2015 წლის 1 იანვრამდე, გამრიცხველიანების საფასურს მთლიანად ფარავდა მომხმარებელი. 2015 წლიდან კი, ამ თანხას, წყლის მრიცხველის დიამეტრიდან გამომდინარე, იხდის ან კომპანია ან აბონენტი. გამრიცხველიანების პროცესი დამოკიდებულია კომპანიის ან აბონენტის სურვილზე - კომპანია ამრიცხველიანებს იმ უბნებს, რომელსაც საჭიროდ თვლის კონკრეტულ დროს მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში bpn-ს განუმარტეს გამრიცხველიანება არ წარმოადგენს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ვალდებულებას, შესაბამისად მის დასასრულებლად არანაირი ვადა არც არსებობდა და არც არსებობს.

,,ჩვენი კომპანიის სამოქმედო არეალი არის დედაქალაქი, სადაც ამჟამად არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის 100% და საყოფაცხოვრებო მომხმარებლის 25% არის გამრიცხველიანებული. აღრიცხვის კვანძის მოსაწყობად სასურველია, მომხმარებლის შიდა წყალგაყვანილობა იყოს გამართული. ასევე, აუცილებელია, რომ აღრიცხვის კვანძის განსათავსებლად მოიძებნოს შესაფერისი დაცული ადგილი. წარსულში აბონენტები წყლის მრიცხველის მონტაჟზე უარს ძირითადად მხოლოდ ერთი მიზეზით - მათ კუთვნილ საცხოვრებელ ფართში მოუწესრიგებელი და მოძველებული შიდა წყალგაყვანილობის გამო ამბობდნენ.

აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური, რასაც განსაზღვრავს სემეკი, სადღეისოდ დამოკიდებულია წყლის მრიცხველის დიამეტრზე. რაც შეეხება საფასურის გადახდის პირობებს, ეს კომპანიასა და აბონენტს შორის შეთანხმების საფუძველზე, აბონენტის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განისაზღვრება. ამ ეტაპზე ძირითადად კერძო სახლებზე ვმუშაობთ, მრავალბინიან კორპუსებში დროებით არ მიმდინარეობს გამრიცხველიანების პროცესი, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, პრობლემას ინდივიდუალურად გადავწყვეტთ”, -აღნიშნეს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

ქრისტინე გამთენაძე