ფინკა ბანკი საქართველო პერსონალურ საბანკო მომსახურებას ნერგავს

ქართულ ბაზარზე 17-წლიანი გამოცდილების მქონე ფინკა ბანკი ვითარდება. დღეს ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების პირველი სერვის ცენტრის (ჭავჭავაძის გამზირი #52) ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრი მომხმარებლებს სრულ პერსონალურ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. გარდა ამისა, ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო სერვის ცენტრის მომხმარებლებს მომსახურებას გაუწევენ პირადი ბანკირები. ამ სერვის ცენტრის მომხმარებლები შეუერთდებიან 80,000-ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც ფინკა ბანკის ფინანსური მომსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ. ფინანსური სფეროს ერთ-ერთ მოწინავე ინსტიტუტს, ფინკას, საქართველოში მოღვაწეობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში, ფინკა საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დაკრედიტების კულტურის ჩამოყალიბებასა და მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაში. ამავდროულად, ფინკა ბანკი დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს, ვინაიდან დანაზოგების საშუალებით დღევანდელი დღის საჭიროებების დაკმაყოფილება მომავალი თაობების განვითარებაზე ორიენტირებული სოციალური და ეკონომიკური გარემოს შექმნის საწინდარია.

ფინკა ბანკი საქართველო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული 41 სერვის ცენტრის მასშტაბით, 80 000-ზე მეტ მომხმარებელს სრულ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. ფინკა ბანკი საქართველო, რომლის სასესხო პორტფელი $70მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, ფინკას გლობალური მიკროსაფინანსო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 2 მილიონამდე კლიენტს ემსახურება.

ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, ფინკა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა განაცხადა: "პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრის გახსნა ფინკა ბანკისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ეს არის საშუალება კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ფინანსური მომსახურება და ფინკას გლობალური მისიის ერთგულნი დავრჩეთ. სადეპოზიტო პროდუქტები, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, საშუალებას აძლევს ჩვენს ორგანიზაციას, გაზარდოს დაკრედიტების არეალი და კიდევ უფრო მეტ მცირე ან საშუალო ბიზნესის მქონე პირს მისცეს საშუალება, გაზარდონ მათი შემოსავალი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები."

bpnბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების უფროსის, ლიკა ხითარიშვილის თქმით, ფინკა ბანკი არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის "ფინკა ინტერნეიშენალის" ნაწილი, რომელიც 23 ქვეყანაში 2 მილიონამდე კლიენტს ემსახურება. "დღეიდან "ფინკა ბანკი" მომხმარებელს სთავაზობს პერსონალურ საბანკო მომსახურებას, რაც გულისხმობს კლიენტის საჭიროებებზე და კომფორტზე ორიენტირებულ სერვისს. დღესდღეობით საბანკო მომსახურების ერთ-ერთი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში დანაზოგის კულტურის განვითარებას", - განახცადა ხითარიშვილმა.

დღევანდელ ღონისძიებას დაესწრნენ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებიც. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძეს თქმით, სერვის ცენტრის გახსნა ქართველი მეწარმეებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბანკის პროდუქტები სწორედ ორიენტირებულია ამ მიმართულებით. "მინდა კომპანიას ვუსურვო წარმატება, უფრო მეტი მომხმარებელი, ქსელის გაფართოება და საქართველოში ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარება, რაც პირდაპირ კავშირშია საფინანსო ინსტიტუტების განვითარებასთან. საბანკო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ბიზნესის განვითარების კუთხით, ასევე მომხმარებელთა სურვილების და საქმიანი აქტიურობის განვითარებაში, რაც ეხმარება მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის კუთხით", - განაცხადა ლექვინაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დედაქალაქისთვის. "ქალაქის ცენტრში გაიხსნა ფილიალი ცნობილი ბანკის "ფინკა ბანკის". ეს დღე იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საბანკო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი წინაპირობაა ქვეყნის განვითარების და მატერიალური კეთილდღეობის. ძალიან საინტერესო გეგმები აქვთ დასახული "ფინკა ბანკის" წარმომადგენლებს. ეს გამოიხატება სხვადასხვა სერვისსა და ისეთი სახის მომსახურებაში, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის სიახლე იქნება. ასე რომ, მინდა წარმატება ვუსურვო "ფინკა ბანკის" წარმომადგენლობას და ვუსურვო ის, რომ სხვა ქალაქებშიც გაიხსნას ფილიალები", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

ახალი სერვის ცენტრი დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

R