კომუნიკაციების კომისიამ "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" წილების შერწყმის თაობაზე განცხადება არ განიხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს "სილქნეტისა" და შპს "კავკასუს ონლაინის" ერთობლივი განცხადება კომპანიების წილების შერწყმის თაობაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესახებ განუხილველად დატოვა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომისიამ წილების შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაიწყო. კვლევის ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაციის წარმოსადგენად კომპანიებს ვადა 2015 წლის 20 სექტემბრამდე მიეცა. გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომისიას კომპანიების შერწყმის შემთხვევაში ინტერნეტ ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ალბათობა უნდა შეესწავლა, რის საფუძველზეც, შემდეგ წინასწარი თანხმობის მიცემის ან/და არ მიცემის თაობაზე იმსჯელებდა.  თუმცა, კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არც ერთმა კომპანიამ არ წარმოადგინა, რის გამოც, კომისიამ მათი განცხადება განუხილველად დატოვა და შეწყვიტა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.