"ნარინჯისფერი რთველი" - გლეხების მორიგი თავსატეხი

საქართველოში წელს ციტრუსის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მოსავალს ელიან. თუმცა, "ნარინჯისფერი რთველის" მოახლოების წინ გლეხები უკვე საუბრობენ რეალიზაციის მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე.

მერაბ ნოღაიდელი, ქობულეთში მცხოვრები: "10 ტონაზე მეტ მოსავალს ველოდები, რადგან წელს მოსავლიანობა ორჯერ მეტია, მაგრამ აღარ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ მწყიდნეს. რაც მეტია მოსავალი, მით მეტი მუშახელია საჭირო. ციტრუსის დაკრეფის სანაცვლოდ დაქირავებულ მუშას დღეში 30 ლარი უნდა გადავუხადო. როგორც გვეუბნებიან, ყველაზე უხარისხო მანდარინი 20 თეთრი ეღირება. ერთ კვირაში დავიწყებ კრეფას და მანამდე თადარიგის დაჭერა გადავწყვიტე - მსურველები არიან, ოღონდ კარგი ხარისხის მანდარინი, ნარჩევი 50-60 თეთრზე მაღალ ფასში არავის უნდა. აჭარის მანდარინს სიტკბო აკლიაო და უფრო მაღალ ფასში ვერ ჩავიბარებთ, დიდ ბაზარზე მოთხოვნა არ არისო, მითხრეს".

ციური ქარჩავა, ციტრუსის მწარმოებელი:

"მანდარინი შუა აზიაში, უკრაინასა და რუსეთში გაგვაქვს, მაგრამ ახლა იქაც რთული ვითარებაა. რუსეთში ხელფასები შემცირდა, რეორგანაზიციებია, სავაჭრო ობიექტები ვერ მუშაობენ და ეს ჩვენს მუშაობაზეც აისახება. წელს უპრეცედენტო რაოდენობის მოსავალს ველოდებით და დამატებითი ობიექტების ძებნაც მოგვიწევს. ხელისუფლება დახმარებას გვპირდება. ბათუმში საკოორდინაციო შტაბი იხსნება, რათა მანდარინის მიღება-ჩაბარების პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს. გლეხებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მაღალ ფასში უნდათ მოსავლის ჩაბარება, მაგრამ კონკურენცია დიდია. ჯერჯერობით არავინ იცის, რამდენი იქნება ხარისხიასნი პროდუქტის ფასი, ამას ბაზარი განსაზღვრავს".

მანდარინის რეალიზების პრობლემას უჩივიან სამეგრელოშიც. როგორც ხობელმა დათო ქირიამ აღნიშნა, საუკეთესო ხარისხის მანდარინის ფასი 80 თეთრია, რაც ციტრუსის პლანტაციების მეპატრონეების აზრით, ძალიან დაბალია. მისივე თქმით, დასვლეთში ნესტიანი ადგილია და ციტრუსი მცირედ ყინვასაც ვერ უძლებს. ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

კომპანიები სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთნილ ერთ კილოგრამ მანდარინს 20 თეთრად შეისყიდიან, მაგრამ როგორიც კი სეზონი დაიწყება, უზარმაზარი რიგები დგება და ამასობაში ისე ფუჭდება ნაყოფი, რომ 10 თეთრად თუ ჩაიბარე, მადლობელი უნდა ვიყოთ. ახალი საწარმოების აშენებას კი აანონსებენ, სადაც ციტრუსის დასაწყობების საშუალება გვექნება, მაგრამ ჯერჯერობით ეს პრობლემა მოუგვარებელია

ლალი პაპასკირი