აზერბაიჯანული გაზი- 240 დოლარი, რუსული - 200, ირანული - 400

მთავრობა რუსული გაზის იმპორტის პარალელურად, ირანული გაზის დაბევებაზეც იწყებს ფიქრს. რამდენად საინტერესოა ირანისთვის საქართველოს ბაზარი, ეს სხვა საკითხია, თანაც, ირანული გაზის საქართველოში ტრანსპორტირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არ არის. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ბუნებრივი აირის ფასს უკავშირდება. ამჟამად 1000 კბ/მ აზერბაიჯანული (კომერციული) გაზის ფასი 240 დოლარია, რუსულის- 200 დოლარი, ხოლო ირანულის - 400 დოლარი.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთავრობა ამტკიცებს, რომ ბაზრის დივერსიფიცირებისთვის მარტო რუსულ გაზზე არ კეთდება აქცენტი და ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ ირანთანაც. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ნოემბრის შუა რიცხვებში ირანში ვიზიტს გეგმავს და ამბობს, რომ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად შესაძლებელი იქნება ირანული აირის იმპორტი. "თქვენ იცით, რომ დღეისთვის ამ ქვეყანასთან არის განსხვავებული მიდგომა. ის რესურსი, რომელიც ირანს გააჩნია, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უახლოეს მომავალში, ნოემბრის შუა რიცხვებში, ვგეგმავთ მოლაპარაკებას. მაშინ გამოჩნდება, რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი აირის იმპორტი", - განაცხადა კალაძემ.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი კი ამბობს, რომ პირადად არის ჩართული ირანიდან გაზის შემოტანის საკითხში. იგი "გაზპრომთან" მოლაპარაკებაში ცუდს ვერაფერს ხედავს, ვინაიდან ბიზნესმენებს უფრო მეტი არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ. "ჩვენ ბიზნესს უნდა მივცეთ უფლება, რომ გაზი სადაც მოესურვებათ, იქ იყიდონ. თუკი ბაზარი ქნება თავისუფალი, ამაში ცუდი არაფერია. ჩვენ უნდა გვქონდეს არჩევის საშუალება, ვცდილობთ და მეც ვაქტიურობ, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე," - განაცხადა ივანიშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ჯერჯერობით "გაზპრომთან" დეტალები შეთანხმებული არ არის. სავარაუდოდ, რუსულ ენერგოგიგანტთან შეთანხმება წლის ბოლომდე მოხერხდება. "კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა შედგა იტალიაში. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკება. საუბარია ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მეტი შემოსავალი მივიღოთ და დამატებით მივცეთ შესაძლებლობა კომერციულ სტრუქტურებს, შემოიტანონ ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ირანული ბუნებრივი აირის იმპორტზე საუბარი ნაადრევია. თეირანისთვის საქართველოში გაზის გაყიდვას ეკონომიკურად მაშინ ექნება აზრი, თუკი დიდი მოცულობის ტრანზიტი განხორციელდა

. ამისთვის კი, სომხეთსა და ირანს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის პარალელურად, ახალი მილი უნდა ჩაიდოს. "თუკი იქნება ახალი სატრანზიტო მაგისტრალი, შეიძლება ასეთი პროექტის განხილვაც, მაგრამ ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროგრამა. ახლო პერსპექტივაში ვერ ვხედავ შანსს, თუმცა ამ მიმართულებით ფიქრი საინტერესოა", - ამბობს გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ ირანიდან გაზის შემოტანა შეიძლება მხოლოდ "სვოპ მეთოდით", ანუ სომხეთმა არსებული მილით უნდა მიიღოს საქართველოსთვის განკუთვნილი ოდენობის ირანული გაზი და გადაცვალოს მისთვის განკუთვნილ რუსულ გაზზე. "ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომელიც ირანულ გაზს შემოიტანს საქართველოში. მიკვირს ეს საკითხი რატომ გახდა აქტუალური. რატომ არ გვაკმაყოფილებს აზერბაიჯანული გაზი და რატომ ვეძებთ პრობლემას? ასე ვთქვათ, პოლიტიკურად ყველაზე თავისუფალი გაზი, ყველაზე კარგი პირობებით გვაქვს აზერბაიჯანიდან", - ამბობს ხუხაშვილი.

რაც შეეხება ფასს. საქართველო აზერბაიჯანისგან ე. წ. სოციალურ გაზს 189 დოლარად ყიდულობს, კომერციული გაზის ფასი 240 დოლარია.

რაც შეეხება რუსულ აირს, 2016 წელს "გაზპრომი" ევროპას 1000 კბ/მ გაზს 200 დოლარად მიაწვდის, უკრაინას - 146 დოლარად, ამ დროისთვის უკრაინა რუსულ გაზს 227 დოლარად ყიდულობს. სომხეთისთვის კი რუსული გაზის საფასური 209 დოლარიდან 165 დოლარამდე დაიწევს. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ სომხეთის გაზგამანაწილებელ ქსელს მთლიანად "გაზპრომი" აკონტროლებს და სომხეთის გაზგამანაწილებელ კომპანიას "გაზპრომ სომხეთი" მართავს. ირანული გაზის ფასი შედარებით ძვირია, თუმცა ამ ქვეყანას არ აქვს ინფრასტრუქტურა, რომ საკუთარი რესურსის ფართო რეალიზაცია შეძლოს. ამჟამად ირანი თურქეთს 1000 კბ/მ-ს დაახლოებით 400 დოლარად აწვდის და სტამბული 25%-იან ფასდაკლებას მოითხოვს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოს ბუნებრივი აირის 18 პროცენტი ირანზე მოდის, რუსეთზე - 17 პროცენტი, ყატარზე კი - 13 პროცენტი.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"