ერთიანი სავაჭრო ქსელი ტესტირების ბოლო ფაზას გადის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ერთიანი სავაჭრო ქსელის პროექტს ახორციელებს.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციით, ერთიანი სავაჭრო ქსელი (TFS) ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩართულ რგოლებს შორის ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად გაცვლის სისტემაა, რომელიც ამცირებს ხარჯებს და დროს, რაც ვაჭრობისა და გადაზიდვისათვის სავალდებულო დოკუმეტაციის მოსამზადებლად არის საჭირო. მათივე განმარტებით, შესაბამისად მცირდება პროცედურების რაოდენობა და ჩქარდება ლოგისტიკისა და ტვირთის განბაჟების პროცესი. "სისტემაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საერთო ვებპორტალის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში აწარმოონ ყველა ის ოპერაცია, რაც დაკავშირებულია საქართველოში და/ან საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთან. სისტემის მომხმარებლები დაზოგავენ როგორც ფინანსურ რესურსებს, ისე დროს. გარდა ამისა, ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას და კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის რეპუტაციას", - აცხადებენ სააგენტოში.

ოფიციალური ინფორმაციით, ერთიანი სავაჭრო ქსელი ყოველწლიურად ჩაანაცვლებს 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს. ვაჭრობისა და ლოგისტიკის სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის კი მოსალოდნელი წლიური დანაზოგი 4.5 მილიონი დოლარი იქნება. "პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს პროცესში ჩართულ მხარეებს შორის საზღვაო გადაზიდვების საშუალებით კონტეინერების იმპორტ/ექსპორტის პროცესების თანმდევი ინფორმაციის ავტომატურად მიმოცვლას. ამჟამად სისტემის სხვადასხვა კომპონენტების ტესტირების პროცესის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომლის მიზანია სისტემის საპილოტე რეჟიმში გასაშვებად მომზადება. ტესტირების პროცესში მხარეები კიდევ ერთხელ გაეცნობიან იმპორტის პროცესის მსვლელობის სრულ ციკლს და გამოააშკარავებენ ფუნქციონალის ხარვეზებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ტესტირების შემდეგ, აღმოჩენილი ხარვეზები გამოსწორდება და სისტემა გაეშვება საპილოტე რეჟიმში", - განმარტავენ სააგენტოში.

სისტემაში ჩართული მხრეები არიან: შემოსავლების სამსახური, რკინიგზა, ფოთისა და ბათუმის პორტები, საზღვაო ხაზები, ტერმინალები, ექსპედიტორები. "ერთიანი სავაჭრო ქსელი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთ წარმატებულ მაგალითს. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით", - აღნიშნავენ მონაცემთა გაცვლის სააგენტოში.