საქართველოში სტიქიის დროს ადრეული შეტყობინებების სისტემების დამონტაჟება დაიწყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას განცხადებით, საქართველოში რამდენიმე ადგილზე ადრეული შეტყობინებების სისტემების დამონტაჟება დაწყებულია.

როგორც ბაგრატიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით ეს საპილოტე ხასიათისაა, თუმცა ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რათა სისტემების სრულფასოვნად დაყენება მოხდეს. ბაგრატია განმარტავს, რომ ამ სისტემების ფორმირება სტიქიის შემთხვევაში უზრუნველყოფს მოსახლეობის დროულ ევაკუაციას და დაცვას. "საქართველოში ზოგადად მხოლოდ საპილოტე პროექტების დონეზე გვაქვს ადრეული შეტყობინებების სისტემა. ესენი არის მდინარეებზე დურუჯზე და კაბალზე, ასევე მიმდინარეობს საველე სამუშაოები დევდორაკზე, სადაც დამონტაჟდება უახლესი ტექნოლოგიები. მიმდინარეობს მუშაობა ასევე მდინარე რიონის აუზში და დუშეთში. ყველა ეს პროექტი არის საპილოტე. ამ კონფერენციის მიზანია სწორედ საერთაშორისო ექსპერტებისგან ვისწავლოთ თანამედროვე ტექნოლოგიები ამ მიმართულებით", - განაცხადა ბაგრატიამ.

რაც შეეხება ვერეს ხეობას, როგორც ბაგრატია განმარტავს, ვერეს ხეობა აყვანილია გაძლიერებული მონიტორინგის სისტემაზე და მიმდინარეობს გაძლიერებული მონიტორინგი. "დამონტაჟებულია სპეციალური სისტემები, ასევე ვგეგმავთ ადრეული შეტყობინებების სისტემების ფორმირებას", - განაცხადა ბაგრატიამ.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას თქმით, სისტემა ახდენს იდენტიფიცირებას ნებისმიერი მასის დაძვრის და თუ დაძვრა იძენს სარისკო სახეს, ის ავრცელებს ინფორმაციას საპატრულო და სამაშველო სამსახურებისთვის. "ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წლიდან დავიწყეთ მნიშვნელოვანი საფრთხეების იდენტიფიცირება, სამწუხაროდ, ამ კუთხით არ არის საკმარისი ფული, მაგრამ დონორების დახმარებით ჩვენ უკვე გვეძლევა საშუალება საკვანძო მიმართულებებზე მუშაობის. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხება თბილისს. ასევე ჩვენ უკვე დავიწყეთ დევდორაკზე პრევენციის სისტემების დამონტაჟება და გაგრძელდება მთელ საქართველოში. დევდორაკის რისკის ხასიათი ისეთია, რომ იქ 100 პროცენტიანი პრევენცია არ გამოვა. შესაბამისად, მთავარია ადრეული შეტყობინება იყოს დაყენებული და მუშაობდეს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოგვცემს საშუალებას, მოვახდინოთ ადამიანების დროულად ევაკუაცია. სისტემა ახდენს იდენტიფიცირებას ნებისმიერი მასის დაძვრის და თუ დაძვრა იძენს სარისკო სახეს, ის აწვდის ინფორმაციას დევდორაკის შემთხვევაში დაბლა მყოფ საპატრულო პოლიციას და საბაჟო პუნქტს, რაც იძლევა საშუალებას, მოსახლეობის და იქ მყოფი ადამიანების დაცვის. თბილისში უკვე დაიწყო ადრეული შეტყობინებების სისტემების დაყენება, ეს არა მარტო ეხება მდინარე ვერეს ხეობას, არამედ თბილისში დამონტაჟდება ყველგან, სადაც რისკი იარსებებს", - განაცხადა მურღულიამ.