საქართველოს უნივერსიტეტები და ევროკავშირი ENPARD-ის ფარგლებში პროექტების განხორციელებას იწყებენ

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ევროკავშირი, ლიმერიკის უნივერსიტეტი - ირლანდია, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აკადემიური და კვლევითი პროექტების დაწყებას აღნიშნავს.

პროექტები დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ევროპული სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში. ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სისტემის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასოფლო-სამეურნეო განათლების გაძლიერება და სამოქალაქო სექტორის/კვლევითი ინსტიტუტების განვითარების პორცესში ჩართულობაა. აგრარულ სექტორში აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების გასაძლიერებლად ENPARD-მა დააფინანსა ორი პროექტი. თითოეულის ბიუჯეტი 350,000 ევროა (918,000 ლარი) და 18 თვეს გასტანს.

პირველი პროექტი, რომელსაც ახორციელებს ლიმერიკის უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად, მიმართული იქნება კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების საქმეში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობისკენ და სექტორის საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ცოდნის გაძლიერებისაკენ. პროექტის ფარგლებში გაძლიერდება სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი (RAPDI).

მეორე პროექტის განმახორციელებელია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი CENN და PMC კვლევებთან ერთად იმუშავებს რეგიონალური უნივერსიტეტების კვლევითი ცოდნის გაღრმავებაზე ტრეინიგებისა და მთავარ საკითხებზე ერთობლივი კვლევების ჩატარების გზით. პროექტის ფარგლებში ჩართული მხარეები განავითარებენ საკუთარ უნარებს, რათა მათ შეძლონ რეგიონალურ განვითარებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს კონსულტაციები გაუწიონ სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე და მხარი დაუჭერონ მათ ჩართულობას რაიონული განვითარების გეგმების შემუშავებაში. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს რაიონული განვითარების პასუხისმგებელი უწყებების როლის განსაზღვრას საქართველოს სოფლის მეურნეობის საქმეში.