„გუგლი“ ინტერნეტის გასავრცელებლად სტრატოსფეროში ჰელიუმის ბურთებს გაუშვებს

ინტერნეტ საძიებო გიგანტი „გუგლი“ სტრატოსფეროში ჰელიუმით სავსე 300 ბურთს გაუშვებს, რომლის მეშვეობითაც მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მიაწვდის დედამიწის შორეულ და ძნელად მისაღწევ ადგილებს.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, Project Loon-ის პროექტის ფარგლებში უკვე მომავალ წელს შესაძლებელი გახდება გლობალური ქსელის სტრატოსტატებიდან მიწოდება.

პირველ ეტაპზე „გუგლი“ ინტერნეტის 10 მეგაბიტი სიჩქარით მიწოდებას უზრუნველყოფს ინდონეზიის გარკვეულ რაიონებში.

„ბიბისის“ ცნობით, ინდონეზიაში, რომლის მოსახლეობაც 255 მილიონი ადამიანია, ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42 მილიონ ადამიანს აქვს. ინდონეზიის შემდეგ სტრატოსტატიდან ინტერნეტს მიიღებენ ავსტრალიის, აშშ-ის, ბრაზილიისა და შრი-ლანკის მცხოვრებლები.

„გუგლის“ ჰელიუმის ბურთების დიამეტრი 12 მეტრი იქნება.

Project Loon-ის პროექტზე მუშაობა „გუგლში“ 2011 წელს დაიწყეს, თუმცა ოფიციალურად პროექტის შესახებ 2013 წელს გაავრცელეს ინფორმაცია. პროექტის მიზანია ინტერნეტით უზრუნველყოს დედამიწის მოსახლეობის ორი-მესამედი, რომელსაც ახლა ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.