აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდნენ ბელორუსი ტუროპერატორები ქალაქ ბრესტიდან. ბრესტი ბათუმის დამეგობრებული ქალაქია და ტუროპერატორები ბათუმში ქალაქის მერიის მოწვევით იმყოფებიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ბრესტის 13 ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები აჭარას ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტისას სტუმრები გაეცნობიან აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, დაათვალიერებენ შავი ზღვისპირეთის სასტუმროებსა და ღირშესანიშნავ ადგილებს, დააგემოვნებენ ადგილობრივ კერძებსა და დააჭაშნიკებენ ქართულ ღვინოს. ამასთან, ურთიერთთანამშრომლობის დამყარების მიზნით, ბელორუსი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდებიან. სტუმრები დაინტერესებულნი არიან საზღვაო, სამთო, კულინარიული და ღვინის ტურიზმით.
ბელორუსი აჭარის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მუდმივად ატარებს სარეკლამო კამპანიებს და მონაწილეობას ღებულობს ბელორუსის ტურისტულ გამოფენებში. 2015 წლის 9 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში 5 957 ბელორუსი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,3%-ით მეტია.