პროექტის - "სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ლიდერობის ხელშეწყობისათვის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

თბილისში, სასტუმრო "კოპალა რიყეში", ხვალ, პროექტის - "ძლიერი ქალები სოფლად" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

ENPARD-ის ინფორმაციით, პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ასოციაციის "ქალი და ბიზნესი" და ბიზნესის განვითარების ცენტრის - "კავკასია" მიერ ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამის მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით. პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ლიდერობის ხელშეწყობა, მათი გააქტიურება თემსა და რეგიონში, სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ხელმძღვანელი პირები; ასევე ევროკავშირის, ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები; დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დისკუსია იმ საქმიანობების შესახებ გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად გენდერული თანასწორობის მიღწევას და ქალთა წვლილის გაზრდას სოფლის მეურნეობის აღორძინებაში. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ფერმერთა კლუბების წევრები საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ ფერმერთა კლუბების წარმატებულ ფუნქციონირებაზე და მომავალი თანამშრომლობის გეგმებს დასახავენ.

პროექტი "ძლიერი ქალები სოფლად" განხორციელდა საქართველოს 5 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში (წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, გორი, კასპი, ბოლნისი, დმანისი, წალკა, მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, თელავი და ახმეტა), სადაც საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები ჩატარდა, რომლებსაც 800-ზე მეტი პროექტის სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელი (ქალები, კაცები და ახალგაზრდები) ესწრებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრებზე გამართული დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულ იქნა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობით, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით.

პროექტის დამამთავრებელ ეტაპზე სამუშაო ჯგუფების მიერ თემების და რეგიონების მასშტაბით ჩამოყალიბდა 13 ფერმერთა კლუბი, რომლებიც ხელს შეუწყობენ სოფლად მცხოვრები ქალების აქტიურ ჩართულობას სოფლის მეურნეობაში და ადგილობრივ ფერმერთა ინტერესების ლობირებას.