როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი, 28კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოები დღეს სოფელ როშკაში მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნეს. როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა და გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა და ვეტმფრენით იყო (და ჯერჯერობით არის) შესაძლებელი. საქართველოს მთავრობის ძალისხმევითა და დაფინანსებით 2017 წლიდან პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს სრულიად ახალი გზა დააკავშირებს. გზის მშენებლობის შემდეგ მშობლიურ სოფელში რამდენიმე ათეული ოჯახი დაბრუნდება. პროექტის ღირებულება - 10 900 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, არხოტი ნელ-ნელა დაიცალა და ამ დროისთვის საზღვირსპირა სოფელში მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან ზამთარში მხოლოდ 2 ოჯახი რჩება ადგილზე. შესაბამისად, აღნიშნული გზის მშენებლობას ამ მხარის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებასაც. სოფელ არხოტში ათობით ოჯახის დაბრუნება კი მხარის შენარჩუნებისთვის, საზღვრის გაძლიერების, ტერიტორიების დაცვისთვისა და ქვეყნის განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აღნიშნული გზის მშენებლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა და მას საუკუნის პროექტი უწოდა.