ოთარ დანელია მსოფლიო ბანკის პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მსოფლიო ბანკის პროექტის - ,,საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარება" ხელმძღვანელს პიტერ გუდმანს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ირიგაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მიმდინარეობისა და მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოთარ დანელიას თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციაა. ამ მიმართულებით, სამინისტრო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, არაერთ პროექტს ახორციელებს. ოთარ დანელიამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებიც გააცნო. მინისტრმა მობილური მელიორაციაში სატუმბი სადგურების გამოყენებაზე, თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიების შექმნაზე, ბიოწარმოების ხელშეწყობაზე და სოფლის მეურნეობის ექსტენციაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე პიტერ გუდმანმა ისაუბრა ,,საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,საქართველოს მელიორაციის" ინსტიტუციონალური მხარდაჭერის შესახებ, რომლის ფარგლებში მსოფლიო ბანკის სპეციალისტების მიერ საქართველოს ირიგაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება ხორციელდება. სტრატეგიაზე მუშაობა მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საირიგაციო არხების რეაბილიტაციაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.