კურორტ "თეთნულდის" მდგრადი ელექტრომომარაგებისთვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემ საკაბელო ხაზს გაიყვანენ

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) კურორტი "თეთნულდის" მდგრადი ელექტრომომარაგებისთვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემ საკაბელო ხაზს გაიყვანს.

აღნიშნული კომპანიის ინფორმაციით, სიტუაციის შესწავლის შემდეგ, კურორტის უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგებისთვის მიწისქვეშა სარეზერვო ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობა აუცილებელი გახდა.  კომპანიის ცნობით, 4 კმ-ის სიგრძის სარეზერვო საკაბელო ხაზი ერთმანეთთან 110 კვ-იან ქვესადგურს "იფარი" და 35 კვ-იან ქვესადგურს "თეთნულდი" დააკავშირებს.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" განცხადებით, 2015 წლის სექტემბრის თვეში, სახელმწიფო კომპანიამ Tetnuld Development, რომელიც კურორტის "თეთნულდი" სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" კურორტის ელექტრომომარაგების გაუმჯობესების თხოვნით მიმართა. მათივე თქმით, სვანეთის რეგიონში, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" საკუთრებაშია 3 ქვესადგური (ერთი 110 კვ-იანი და ორი 35 კვ-იანი ქვესადგური) და 56 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ, რათა ზამთრის სეზონის დადგომამდე კურორტის ელექტრომომარაგება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. პროექტი ერთ კვირაში დაიწყება და ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 250 000 ლარს შეადგენს", - აცხადებენ "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში".