ილია ელოშვილი: ბიზნესსექტორსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოს პირველ შეხვედრაზე განიხილეს, როგორ გააუმჯობესონ კომუნიკაცია მთავრობას, კერძო სექტორსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის.

როგორც ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღესვე განიხილეს რამდენიმე კონკრეტული საკითხი სხვადასხვა კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის არის შრომის ინსპექცია, ასევე საუბარი შეეხო საპენსიო რეფორმას. "მთავარი არის ის, რომ კომუნიკაცია ბიზნესსექტორსა და მთავრობას შორის უნდა გაძლიერდეს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას, ამასთან დაკავშირებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს არის აუცილებლად გასატარებელი რეფორმა, მაგრამ ეს უნდა გატარდეს მჭიდრო კავშირში ბიზნესთან, ბიზნესასოციაციებთან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზარალოს ამან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები", - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.