"მნიშვნელოვანი იყო, ინვესტორთა საბჭო გამხდარიყო პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება ბიზნესმა დააფიქსიროს თავისი პრობლემები"

ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრეს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებზე, რომელიც ბიზნესს აწუხებს, - ამის შესახებ გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ინვესტორთა საბჭო გამხდარიყო პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება ბიზნესმა დააფიქსიროს ის პრობლემები ხელისუფლებასთან, რომელიც აწუხებს და სწრაფი გადაწყვეტის გზები იპოვონ. "დღევანდელი შეხვედრის ძალიან კმაყოფილი ვარ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი სტარტია ინვესტორთა საბჭოსთვის. ვისაუბრეთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა შრომის კოდექსთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. დღეს ასევე რამდენიმე საკითხი, რომელიც დავსვით, პრემიერმა ოპერატიულად გადაწყვიტა. ერთ-ერთი მთავარი იყო ის, რომ ახალ კანონებში, რომლებიც პრემიერის აპარატს და სამინისტროებს გამოაქვთ, ბიზნესასოციაციები და ბიზნესი იყოს ჩართული. პრემიერი დაგვპირდა, რომ მინიმუმ ორი კვირის ვადას მოგვცემს, როდესაც მომზადებული იქნება კონკრეტული კანონმდებლობა და ჩვენ ამ კანონმდებლობაში ვიქნებით ჩართულები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი სამინისტროს მიერ ხდება ინიცირება სხვადასხვა კანონმდებლობის. ჩვენ ძალიან ხშირად ამას ვიგებთ გვიან, როდესაც უკვე პარლამენტშია წასული", - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, დღესვე ასევე შეთანხმდნენ, რომ ინვესტორთა საბჭოს მომდევნო შეხვედრა დეკემბერში გაიმართება, სადაც უკვე განხილვის თემები იქნება საგადასახადო პოლიტიკის თემები.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.