ქართული თხილის მთავარი ნაკლოვანება

"ჩვენი თხილი ხარისხით ბევრად ჩამორჩება თურქულ, იტალიურ და აზერბაიჯანულ თხილსაც"

2015 წელს ქართული თხილის რეალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა, თანაც თხილმა ძირითად საექსპორტო პროდუქტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. "საქსტატის" მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტზე 114 მლნ დოლარის თხილია გასული, რაც 6,5%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2014 წელს უცხოეთის ბაზრებზე 183,4 მლნ დოლარის თხილი გავიდა, 2013 წელს კი - 166,7 მლნ დოლარის."

"წინსვლა აშკარაა, თუმცა ამ ციფრებით გული არ უნდა დავიმშვიდოთ, თხილის დარგში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი", -  აღნიშნა bpn-სთან საუბრისას თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელიამ, რომელსაც ამ დარგში არსებული პრობლემების განხილვა ვთხოვეთ. 

- გასულ წელს ქართული თხილის რეალიზაციის ზრდა გამოწვეული იყო იმით, რომ თურქეთში კარგი მოსავალი არ მოვიდა. ამიტომ თურქეთმა მსოფლიო ბაზარი ვერ დააკმაყოფილა, ეს დეფიციტი ვიღაცას ხომ უნდა შეევსო და მართლაც შეივსო სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ხარჯზეც. დეფიციტის გამო შარშან თურქული თხილის გულის ფასმა 16 დოლარს მიაღწია, ხოლო ქართულმა - 14 დოლარს, 1-2 დოლარის სხვაობა თურქულ და ქართულ თხილს შორის ყოველთვის იყო და არის.

- რა ხდება ამჟამად თხილის ბაზარზე?

-  წელს თურქეთში თხილის მოსავალი მომატებულია: იქ დაახლოებით 770 ათასი ტონა თხილი მოიწიეს, საქართველოში კი - 60 ათას ტონამდე. ამიტომ, თხილის ფასიც შემცირდა: აგვისტოში 1 კგ თხილის გული 10 დოლარი ღირდა, ახლა კი, 9 დოლარი ღირს - ასეთია თხილის გულის ფასი მსოფლიო ბაზარზე. ყოველ შემთხვევაში, იმ ფასს არ უნდა ველოდეთ, რომელიც შარშან დაფიქსირდა. იმის გამო, რომ თურქული თხილი იაფი ღირდა, ქართულ თხილს მყიდველი მოაკლდა და სექტემბერ-ოქტომბერში მისი რეალიზაცია საკმაოდ გართულდა.

- ბატონო ალექსანდრე, ეს მხოლოდ თურქული თხილის სიიაფის ბრალია, თუ მიზეზი სხვა რამეშიც უნდა ვეძებოთ?

- მე ადრეც ბევრჯერ მითქვამს: ქართული თხილის ხარისხი არ არის სტაბილური, ის არ არის ცნობილი და აღიარებული პრემიუმ-კლასის პროდუქტად. აქედან გამომდინარე, როგორც კი თურქული თხილი გაიაფდა, ქართულ თხილს რეალიზაცია გაუჭირდა. წელს, აგვისტოში, 1 კილოგრამი თხილის გამოსავლიანობა შეადგენდა დაახლეობით 40-42%-ს, დღესდღეობით კი  35%-ია. პრობლემა ისევ და ისევ შრობაშია: ქართული თხილი არასათანადოდ არის მოვლილი და გამშრალი, ამის გამო, ქართული თხილი ვეღარ ჯდება კლასი 1-ის კლასიფიკაციაში და კლასი 2-ში გადადის. ზოგჯერ მეორე კლასის მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, რადგან მასში ფარული სიდამპლე ძალიან მაღალია. გამოსავლიანობა გაუტეხავი თხილიდან ძალიან დაბალია და ამით ყველა რგოლი ზარალდება. პირველ რიგში ფერმერი განიცდის ზარალს, ვინაიდან უხარისხო პროდუქცია აქვს და ვერ იღებს იმ მოგებას, რაც უნდა მიეღო. ამიტომ, ძალიან ბევრი ფერმერი ცდილობს გადამყიდველს გადასცეს თავისი პროდუქცია, რადგან არ სურს ქარხანაში მიიტანოს. ეს იმიტომ, რომ დიდი საწარმოების უმრავლესობა თხილს ყიდულობს არა იმ ფასად, რომელიც შიდა ბაზარზეა გამოცხადებული, არამედ ხარისხის მიხედვით - თუ გლეხი მაღალი ხარისხის თხილს მოიტანს, მწარმოებელი მას იმაზე მაღალ ფასს გადაუხდის, ვიდრე დღეს არის დაფიქსირებული.

- თხილის გაშრობა არც ისე რთულია, რატომ ვერ ახერხებენ ამას ქართველი გლეხები?

- მე ადრეც მითქვამს: უმეტესობას ბუნების იმედზე აქვს მიშვებული თხილის პლანტაციები. თავს არ იწუხებენ, თორემ თხილის გაშრობას ნამდვილად არ სჭირდება ათი უმაღლესის დამთავრება - სამი-ოთხი დღე მზის ქვეშ უნდა გაფინო და მერე ე.წ. ჯვალოს ტომრებით მშრალ ადგილას შეინახო - ეს არის მთელი ფილოსოფია. ამ წესებს არ იცავენ, რის გამოც გაუტეხავი თხილის ყიდვა ჩვენთან ძალიან დიდი რისკია, რადგან არ იცი, რას ყიდულობ. ხშირად ექსპორტიორებთან მოდის დაბალი ხარისხის თხილი, რომელშიც უამრავი ცარიელგულიანი თხილია შერეული. როდესაც პროდუქცია უხარისხოა, მისი შესყიდვაც რთულია, გადამუშავებაც და ექსპორტიც. თურქული თხილის ხარისხი აშკარად მაღალია, სწორედ ამიტომ, აიწევს თურქული თხილის ფასი და აიწევს ქართულიც, დაიწევს თურქულის ფასი და ქართული თხილიც იაფდება, მაგრამ განსხვავება მათ შორის მაინც ძალიან დიდია - დაახლოებით, 70-80 ცენტის ფარგლებში, 1 კგ-ზე ზოგჯერ ერთი დოლარიც კია განსხვავება, რაც ძალიან დიდი სხვაობაა. რატომ? - ამის ძირითადი მიზეზი სწორედ არასტაბილური ხარისხია. ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილის ფასი 8,70-დან 9 დოლარამდე მერყეობს. საბითუმო ფასი კი - 7,70-7,80 ლარია. აბა, ჰქონდეთ ჩვენს ფერმერებს სტაბილური ხარისხი, მაშინ ქართველი ექსპორტიორებიც შეძლებენ მუდმივად მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზონ მსოფლიო ბაზარს.

- მიუხედავად ამისა, ძირითად საექსპორტო პროდუქტებს შორის თხილი უკვე მეოთხე ადგილზეა.

- ეს არ ნიშნავს, რომ გული დავიარხეინოთ და ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგადაა. ბევრი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო იმისათვის, რომ ქართული თხილის ხარისხი პრემიუმ კლასისა გახდეს და ხელწამოსაკრავი არ იყოს. მას არ უნდა ყიდულობდნენ მაშინ, როცა ფასი ძალიან დაბალი აქვს, ან როდესაც ბაზარზე დიდი დეფიციტია და ადამიანი ფიქრობს: რაც არის, არის, ქართულს ვიყიდიო... ჩვენ უნდა შევიდეთ მსოფლიო ბაზარზე, მსხვილი კომპანიების კარი ჩვენთვის დახურულია და ვიდრე ამ კარს არ გაგვიხსნიან, სულ ასე იქნება. უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული თხილი ხარისხით ბევრად ჩამორჩება თურქულ, იტალიურ და გნებავთ, აზერბაიჯანულ თხილსაც. ამის გამო ფერმერებიც ზარალდებიან და ექსპორტიორებიც. აგიხსნით რატომაც: 1 ტონა გაუტეხავი თხილის გამოსავლიანობა რომ იყოს 42%, მისგან მივიღებთ 420 კგ თხილის გულს, დღეს კი, რადგან ჩვენი თხილი სანახევროდ დამპალია, ერთ ტონაში 350 კილოგრამიც გაჭირვებით გამოდის. რომ ვიანგარიშოთ, 1 ტონაში 1400 ლარის დანაკარგს ვიღებთ, 10 ტონაში კი - 14 ათასი ლარის ზარალი გამოდის, რაც ძალიან დიდი თანხაა. ფერმერი, რომელსაც თხილის გაშრობა ეზარება, 2 ტონა თხილში 2800 ლარის წაგებას ნახულობს. მერე კი წუწუნებს, რომ ნორმალურ თანხას არ უხდიან, როგორ გადაუხდიან, როცა მისი თხილი დამპალი და უხარისხოა? სამწუხაროდ, ასეთი ხალხი აზარალებს ქართული თხილის იმიჯს ევროპაში. ყველაფერი წყალში იქნება გადაყრილი, თუ თხილის შრობის საკითხი არ მოგვარდება. სხვათა შორის, ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გაიხსნა თხილის ახალი საშრობი, იმედია, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

ხათუნა ჩიგოგიძე