სამცხე-ჯავახეთში უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და უკანონო სახერხი საამქროები დალუქა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 4 პირი: 1978 წელს დაბადებული დავით ა, 1966 წელს დაბადებული გიორგი ე, 1986 წელს დაბადებული ამბერკი ფ. და 1969 წელს დაბადებული გოჩა ე. ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, მასალის უკანონოდ გადამუშავების და გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ადიგენისა და ბორჯომის რაიონებში მხილებულების კუთვნილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს. პოლიციამ მათივე ავტომანქანებიდან - უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი, 7,2 კუბ. მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხის მრგვალი მორი და 4,42 კუბ.მეტრი დამუშავებული ფიცარი ამოიღო. გამოძიება ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით, 128-ე პრიმა-2 და 128-ე პრიმა-3 მუხლებით) მიმდინარეობს.