ევროკავშირმა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბორჯომში ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართეს

ევროკავშირმა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბორჯომში, საქართველოს სოფლის განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.

მედიის წარმომადგენლებს ENPARD-მა ბორჯომში სასტუმრო "ბორჯომი პალასში" უმასპინძლა. როგორც ცნობილია, საქართველო და ევროკავშირი ENPARD-ის ფარგლებში, სოფლის განვითარების 3 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამას იწყებს. ერთ-ერთი საპილოტე პროექტი ბორჯომში განხორციელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელია მერსი ქორპსი. მისი პარტნიორი ამ საქმეში იქნება "Angus Council", რომელიც ანალოგიურ პროექტს შოტლანდიაში ახორციელებდა და ავსტრიის ფედერალური ინსტიტუტი, რომელიც ავსტრიაში მაღალმთიანი რეგიონებისა და ცენტრს მოწყვეტილი ადგილების განვითარების საქმის ექსპერტია.

ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასოფლო განვითარების პროექტის - "სასოფლო განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში" პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით მერსი ქორპსის გენერალურმა დირექტორმა ირკალი კასრაშვილმა გახსნა.  ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ევროკავშირის წარმომადგენლები, და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის პოტენციური წევრები დაესწრნენ.

როგორც მერსი ქორპსის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კასრაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია 2000 წლიდან მუშაობს საქართველოში და ამ ხნის განმავლობაში 20 პროგრამა აქვს განხორციელებული. მისივე თქმით, ამჟამად ორგანიზაცია 5 პროექტს ახორციელებს, რომელიც 20 მუნიციპალიტეტს მოიცავს.  "რაც შეეხება ახალ პროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ვახორციელებთ სასოფლო განვითარების ახალი მიდგომის დანერგვას და იმედი გვაქვს, რომ ის წარმატებული იქნება", - განაცხადა კასრაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის განცხადებით, ეს არის მძლავრი სტიმული სოფლის და თემის განვითარებისთვის. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა მიხეილ ლომიძემ აღნიშნა, 2-დღიანი სემინარის შემდეგ სამოქმედო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელშიც 20 ადამიანი შევა. მისივე თქმით, პროექტის ხანგრძლივობა 24 თვეა, ხოლო ბიუჯეტი - 1 250 000 ევრო. "ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფში 20 ადამიანი გვეყოლება. 49% სამთავრობო სტრუქტურებიდან უნდა იყოს წარმოდგენილი, 51% კი - კერძო სექტორიდან. სწორედ ამ ხალხის შეფასების შემდეგ მიიღებს მერსი ქორპსი და ბორჯომის მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას, თუ რომელი სფერო დაფინანსდეს", - განაცხადა ლომიძემ. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 20 პროექტი შეირჩევა და შემდეგ უკვე დაფინანსებულ პროექტებზე განხორციელდება მონიტორინგი. მინიმალური დაფინანსება შეადგენს 1 000 ევროს, საშუალო - 25 000 ევროს, ხოლო მაქსიმალური - 60 000 ევროს.

ლიდერ კოორდინატორად მამუკა ლურსმანაშვილი დასახელდა. გარდა ამისა, იმის სადემონსტრაციოდ, თუ რა განხორციელდა ENPARD-ის მიერ საქართველოში, კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.  ბორჯომის პრეზენტაცია იყო გაგრძელება იმ ღონისძიებისა, რომელიც სექტემბერში სტეფანწმინდაში შედგა და მიზნად ისახავდა მედიისთვის იმ სამი საპილოტე პროექტის გაცნობას, რომელიც ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები ბორჯომის მსგავსად, ლაგოდეხსა და ყაზბეგში შეიქმნება (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

რეგიონებში პროექტების განმახორციელებლები არიან ქეა-ავსტრია (ლაგოდეხი), ადამიანი გაჭირვებაში - ჩეხეთის რესპუბლიკა (ყაზბეგი) და მერსი ქორპსი - შოტლანდია (ბორჯომი). გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლები დაბა წაღვერს ესტუმრნენ, სადაც გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ფინეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. მედიის წარმოდგენლებმა ფერმერების საკონსულტაციო ცენტრი და ახლად გარემონტებული სასტუმრო მოინახულეს.