Volkswagen კვლავ მეორეა
Toyota Motors-მა ლიდერობა დაიბრუნა და გაყიდვების მიხედვით მიმდინარე წლის ცხრა თვეში მის უშუალო კონკურენტ Volkswagen Group-ს გადაასწრო.
Toyota-მ პირველ ცხრა თვეში 7.49 მილიონი ავტომობილის გაყიდვა მოახერხა მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში მისმა გერმანელმა კონკურენტმა 7,43 მილიონი ავტომობილი გაყიდა. ცნობისთვის, აღნიშნულ პერიოდში გასულ წელთან შედარებით ორივე კომპანიის გაყიდვები შემცირებულია 1,5 პროცენტით.
სპეციალისტების აზრით, გერმანული ავტოგიგანტის გაყიდვების შემცირება გამოწვეულია მის ირგვლივ განვითარებული ბოლოდროინდელი სკანდალით, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევარში აგორდა. როგორც გაირკვა, „ფოლქსვაგენი“ დიზელისძრავიან ავტომობილებში მონაცემებს აყალბებდა. კერძოდ, ეს იყო მოწყობილობა, რომელიც ტესტირების დროს გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს აყალბებდა. ყოველივე ამის გამო კონცერნმა უკვე იზარალა 3 მილიარდ დოლარზე მეტით და ეს არაა საბოლოო ციფრი.
„ფოლქსვაგენი“ მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა მისი ვარდნა სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაღრმავდება, ვინაიდან სკანდალის გამო მან დიზელისძრავიანი ავტომობილების წარმოება დროებით შეაჩერა კიდეც. ამას ემატება ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების შემცირება, რაც სპეციალისტებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ წლის ბოლოს მსოფლიო ლიდერი კვლავ Toyota იქნება, რომელიც ამ პოზიციას არავის უთმობს.
კოკა კვირკველია