კომპანია SICPA, რომელიც ლარს გაყალბებისგან იცავს, განცხადებას ავრცელებს

შვეიცარული კომპანია SICPA, რომელიც ეროვნულ ვალუტას, ლარს, ისევე როგორც ამერიკულ დოლარსა და ევროს გაყალბებისგან იცავს, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში საუბარია კომპანიის ისტორიასა და მისი საქმიანობის შესახებ. SICPA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მედიის საშუალებით ყოველდღე ვიგებთ დანაშაულების შესახებ, რომლისგანაც ადამიანს უშუალოდ, ფიზიკურად დაცვა სჭირდება - იქნება ეს ტერორისტული აქტები, მკვლელობა თუ ქურდობა.  ეს, ასე ვთქვათ, ხმაურიანი დანაშაულებია, რომლისგან ადამიანის დაცვა სახელმწიფოს აკისრია. მაგრამ არსებობს დანაშაულის სხვა ტიპიც, რომელიც ნაკლებად იქცევს საყოველთაო ყურადღებას, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც რიგითი მომხმარებლების ინტერესებს, ისე იმ კომპანიებსა თუ სტრუქტურებს, რომლებიც მომხმარებელს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს აწვდიან. ასეთი დანაშაულების რიცხვს განეკუთვნება გაყალბება. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ იმ პროდუქტის გაყალბებისგან დასაცავად, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, წლების განმავლობაში იქმნებოდა სპეციალური მექანიზმები. სწორედ ამ მექანიზმების შექმნის პიონერია იდენტიფიკაციის სერვისების მსოფლიოში წამყვანი პროვაიდერი - შვეიცარული კომპანია SICPA.

ლარი, დოლარი, ევრო, იუანი - ეს იმ ვალუტების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც SICPA გაყალბებისგან იცავს. შვეიცარული კომპანია ასევე ზრუნავს საქვეყნოდ ცნობილი ძვირად ღირებული ბრენდების უსაფრთხოებაზეც. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში კომპანიის ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ინოვაციურმა მეთოდებმა SICPA მსოფლიოს ასობით ქვეყნის სანდო პარტნიორად აქცია.  კომპანიის ისტორიას საფუძველი შორეულ 1927 წელს, მორის ამონმა ჩაუყარა. SICPA-ს მაშინდელი საქმიანობა დღევანდელისგან რადიკალურად განსხვავდებოდა - თავდაპირველად კომპანია სოფლის მეურნეობისა და კვების ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს საჭირო, სპეციალურ ცხიმს აწვდიდა.  მოგვიანებით, SICPA-მ საქმიანობის სფერო შეიცვალა და ფულის ბანკნოტების დამცავი უსაფრთხოების საღებავების წარმოება დაიწყო. მისი პირველი "კლიენტი" 40-იან წლებში ესპანური პესეტას ბანკნოტი იყო, რომელსაც შვეიცარული კომპანია უსაფრთხოების საღებავებით უზრუნველყოფდა.

დღეს SICPA მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზეა წარმოდგენილი. მისი ტექნოლოგიებითა და მომსახურებით 200 ქვეყანა სარგებლობს, მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა 3 ათასს აღწევს, კომპანიის ლაბორატორიებში კი ყოველდღიურად 120 ინჟინერი და ქიმიკოსი მუშაობს ლაბორატორიულ კვლევებსა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

კომპანიის დამფუძნებლის - მორის ამონის ბიზნესიდან წასვლის შემდეგ SICPA-ს სათავეში მისი შვილი ალბერტ ამონი ჩაუდგა. "უპირატესობა ტექნოლოგიებში და ნოუჰაუ ერთადერთი გზაა მომგებიანი პარტნიორიობისთვის" - ეს სიტყვები სწორედ ალბერტ ამონს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად SICPA-ს საპატიო პრეზიდენტია.

ამ უკანასკნელის თაოსნობით SICPA-მ მსოფლიოს მასშტაბით სტაბილური და სანდო კომპანიის რეპუტაცია მოიპოვა. კომპანიის სტაბილურობას ისიც განაპირობებს, რომ ამ დრომდე მას მხოლოდ ამონების ოჯახის წევრები განკარგავენ და ხელმძღვანელი

პოსტები თაობიდან თაობას გადაეცემა - SICPA-ს სათავეში ამჟამად ამონების ოჯახის მესამე თაობა დგას. ფულადი ნიშნების დაცვა დღემდე რჩება კომპანიის მთავარ ბიზნესად. SICPA ისეთ ვალუტებს იცავს გაყალბებისგან, როგორიცაა დოლარი, ევრო, იუანი და რუპია. ეს კომპანია იცავს ასევე ქართული ლარის უსაფრთხოებასაც.  გასული საუკუნის ბოლოდან შვეიცარულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა საქმიანობის გაფართოება და ცნობილი ბრენდებისა და სხვადასხვა საქონლის დაცვა დაეწყო, რასაც 2005 წლიდან პროდუქციის მარკირება მოჰყვა. ამ ეტაპზე SICPA 17 ქვეყანაში 80 მილიარდამდე პროდუქციის მარკირებას აკეთებს.  კომპანია თამბაქოს ნაწარმისა და ყველანაირი სითხის, როგორც ალკოჰოლური, ასევე არაალკოჰოლური სასმელის უსაფრთხოებას მის მიერვე შემუშავებული Track&Trace-ის ტექნოლოგიით ახორციელებს. სისტემა აქციზური მარკის იდენტურობას რამდენიმე წამში ადგენს და ამისთვის საკუთარი წარმოების უხილავ საღებავს და აქციზური მარკის იდენტურობის დასადგენ მოწყობილობას იყენებს. გარდა ამისა, Track&Trace-ის სისტემის მეშვეობით კონკრეტული ქვეყნის შემოსავლების სამსახური ინფორმაციას მომენტალურად იღებს. SICPA-ს მიერ დანერგილი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს შემოსავლების სამსახურს, რომ თითქმის ონლაინ რეჟიმში მარკირების ხაზებით მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობის შესახებ.

საქართველოში SICPA აქციზურ მარკებს 2012 წლიდან მოყოლებული ბეჭდავს. ამ მხრივ მისი ყველაზე დიდი კონტრაქტორი მსოფლიოში ბრაზილია, თურქეთი და ამერიკაა, სადაც თამბაქოს ნაწარმზე აქციზურ მარკებს მხოლოდ შეიცარული კომპანია ბეჭდავს. SICPA იცავს ასევე რამდენიმე ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების გაყალბებისგან.  გაერო-ს მონაცემებით, უკანონო ვაჭრობა წლიურად 650 ათას დოლარს აღწევს და ეს ციფრი თითქმის უკვე გაუტოლდა ნარკოტიკებით ვაჭრობას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანამ იზრუნოს პროდუქციის გაყალბებისგან დაცვაზე. გაყალბებისგან დაცვას კი შვეიცარული კომპანია SICPA უკვე ათწლეულებია უზრუნველყოფს და დიდი წარმატებითაც - ამას მოწმობს კომპანიის პარტნიორი ბრენდების სიმრავლე და მათი რეპუტაცია.  "გვინდა, გვიცნობდნენ როგორც კომპანიას, რომელიც ტექნოლოგიურ სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწორი პროდუქტის წარმოებას სწორ ფასად და სწორ დროს", - ამბობენ SICPA-ში. "ნდობა ხელმისაწვდომია" - ეს გახლავთ SICPA-ს დევიზი და მართლაც, კომპანიებს და ბრენდებს, რომლებიც SICPA-ს სერვისებით სარგებლობენ, ყველანაირი საფუძველი აქვთ იმისთვის, რომ მომხმარებლის ნდობა უპირობოდ შეინარჩუნონ", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.