ქართული პროდუქცია საერთაშორისო გამოფენა Tallinn Foodfair 2015-ზეა წარდგენილი

ტალინში, საერთაშორისო გამოფენა - Tallinn Foodfair 2015 იმართება, რომელზეც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული პროდუქციაც არის წარდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს სტენდზე გამოფენილი ალკოჰოლური (ღვინო, ჭაჭა, ლუდი) და არაალკოჰოლური (ლიმონათი, წვენი, ჩაი) სასმელები, ნუგბარი (ჩურჩხელა, გამომშრალი ხილის (ჩირი) ნაირსახეობები, ტყლაპი, თხილი, ნიგოზი), ჯემი, მურაბა და საწებელი დააგემოვნონ. ქართველი მზარეული ვიზიტორებისთვის ქართულ, ტრადიციულ კერძებსაც დაამზადებს.

"გამოფენაში ადგილობრივი და ევროპული ქვეყნების 100-ზე მეტი სურსათის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში, სურსათისა საკვები პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაცია იმართება. Tallinn Foodfair 2015-ზე, საქართველოს სტენდზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართულმა კომპანიებმა: სს "ქართული ლუდის კომპანია", შპს "ქიმერიონი", შპს "კულა", შპს "ლივო", შპს "ქართული სახლი". ღვინის, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი.  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქციის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, 2014 წლიდან გამოფენაში Tallinn Foodfair საქართველო აქტიურად მონაწილეობს.  ესტონეთის რესპუბლიკაში Tallinn Foodfair 1993 წლიდან იმართება და ყოველწლიურად, მონაწილეთა და ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება. აღნიშნული გამოფენა სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

გამოფენა 28 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.