"ჰოლიდეი ინნ"-ში სომელიეს სკოლის ახალი სეზონი გაიხსნება

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და „თბილისის ღვინის სკოლა“ იწყებს სომელიეს სერტიფიცირებულ კურსს „გახდი სომელიე!“

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში სომელიეს სკოლის ახალი სეზონის ოფიციალური გახსნა გაიმართება. შეხვედრას დაესწრება ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის განცხადებით, სომელიეს სერტიფიცირებული კურსი ხუთთვიანია და სასწავლო პროცესს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები წარმართავენ.

მისივე თქმით, კურსის მონაწილეთა შერჩევა საკმაოდ მაღალი კონკურსის შედეგად წარიმართა. დაახლოებით 300 რეგისტრირებული მსურველისგან, გასაუბრების შედეგად 35 კაციანი პირველი ჯგუფი შეირჩა.

ეს პროგრამა მათთვისაა, ვისაც სურს, დაეუფლოს სომელიეს პროფესიას, მუშაობს ღვინის კომპანიაში, აპირებს, წამოიწყოს საკუთარი ღვინის ბიზნესი, ან - უბრალოდ ღვინის მოყვარულია.

სომელიეს კურსის სასწავლო თემატიკა მოიცავს: ვენახის ეკონომიკა, ტერუარი; ღვინის ეკონომიკა, ღვინის საწარმოს მენეჯმენტი; ენოლოგია; ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება; მსოფლიოს ღვინოები; საქართველოს ღვინოები; ქვევრი; სომელიეს ხელოვნება; ღვინო და გასტრონომია; ღვინის მარკეტინგი; სპირტიანი სასმელები; ღვინის ირგვლივ კულტურა: ჩაი, მინერალური წყალი, ყველი, სიგარა.

მსმენელებს, ვინც წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს, ოფიციალურად მიენიჭებათ “სომელიე”-ს სტატუსი, აღიარებული საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, რომელიც საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ნამდვილი წევრია 2014 წლიდან.

2016 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება კონკურსი “საქართველოს საუკეთესო სომელიე”, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ “სომელიე”-ს ოფიციალური სტატუსის მქონე მონაწილეებს.

კონკურსში - “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2016”-ის გამარჯვებული გაემგზავრება არგენტინაში, ჩემპიონატზე “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე - 2016“.

ღონისძიებაზე, რომელიც დღეს - 30 ოქტომბერს, 19 საათზე გაიმართება, მედიის წარმომადგენლები არიან მიწვეული.