დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვას დაესწრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა გამართა. ღონისძიებას "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, საქართველოს საბანკო და აკადემიური სფეროს, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, პრეზენტაციაზე განხილული იყო სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, საგარეო ფაქტორების გავლენა და სამომავლო პროგნოზები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, 2016-2017 წლებში ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა ეკონომიკაში მთელი რეგიონის მასშტაბით. მინისტრის თქმით, ეკონომიკური ზრდა ვერ განხორციელდება სტრუქტურული რეფორმებისა და სტაბილურობის გარეშე.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ რეფორმად, რომელსაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, დიმიტრი ქუმსიშვილმა საპენსიო რეფორმა დაასახელა, რომლის საკანონმდებლო ბაზა და იმპლემენტაცია დაგეგმილია 2016 წლისათვის, ხოლო 2017 წელს კი მისი განხორციელება დაიწყება.  როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ყველა სხვა რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, საქართველოს ეკონომიკის მზარდ დინამიკაზე აუცილებლად დადებითად აისახება.