ბილ გეითსი - მთავარი, რაზეც ახლა დედამიწის მოსახლეობა უნდა წუხდეს, გლობალური დათბობაა

"იმისათვის, რომ ეს დამღუპველი მოვლენა დავამარცხოთ, საჭიროა ენერგეტიკაში კარდინალური, სტრუქტურული ცვლილებების შეტანა"

მთავარი, რაზეც ახლა დედამიწის მოსახლეობა უნდა წუხდეს, გლობალური დათბობაა. ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა ჟურნალ Atlantic-თან საუბრისას განაცხადა.

„დედამიწის მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა  გლობალური დათბობაა. იმისათვის, რომ ეს დამღუპველი მოვლენა დავამარცხოთ, რომელიც დროთა განმავლობაში დედამიწას ერთ დიდ უდაბნოდ აქცევს და ცხოვრება შეუძლებელი იქნება, საჭიროა ენერგეტიკაში კარდინალური, სტრუქტურული ცვლილებების შეტანა. იმისათვის, რომ საშუალო ტემპერატურა 2 გრადუს ცელსიუსს არ გადაცდეს, უნდა შევასრულოთ ამოცანა, რომელსაც ბევრი ქვეყანა ეთანხმება - 2050 წლისთვის მსოფლიოს წამყვანმა სამეწარმეო ქვეყნებმა ატმოსფეროს დაბინძურება უნდა შეწყვიტონ. ამის მიღწევა კი ენერგიის ახალ სახეობაზე გადასვლის დახმარებით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ბილ გეითსმა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ ეს ურთულესი ამოცანა და ამისთვის ახალი ტექნოლოგიები უნდა გამოიყენონ. ბილ გეითსმა ასევე აღნიშნა, რომ კაცობრიობამ უარი უნდა თქვას გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ გლობალური დათბობის დამარცხება მხოლოდ ელექტრომობილებით არის შესაძლებელი.

„რა თქმა უნდა, ელექტრომობილების გამოყენება აუცილებელია. მაგრამ არსებობს რეგიონები, სადაც ელექტრომობილები ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების შემცირებას კი არ გამოიწვევს, არამედ გაზრდას, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ამ ინფრასტრუქტურას შეუძლია სასათბურე გაზის გამონაბოლქვის გაზრდა“, - აღნიშნავს ბილ გეითსი.

Microsoft-ის დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ უახლლოეს 15 წელიწადში აუცილებელია ინოვაციების განვითარება, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ენერგიის სუფთა და უსაფრთხო წყაროს მიღება.