დავით ნარმანია: "პანორამა თბილისის" პროექტზე არასამთავრობოები ხელოვნურად, შეცდომაში იყვნენ შეყვანილი

"პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელოვნურად, შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მერიაში განუცხადა.

კითხვაზე: არღვევს თუ არა პანორამა თბილისის განხორციელება თბილისის ისტორიულ იერსახეს, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ პანორამა თბილისი მნიშვნელოვანი პროექტია. "ბუნებრივია, ისმის კითხვა – რას ვხედავთ ცუდს "პანორამა თბილისის" პროექტში. როდესაც ამ კითხვას დავსვამთ და საზოგადოება ჯანსაღად განსჯის ამ პროექტის სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტს და მეორეს მხრივ, ვინც კარგად იცნობს ამ პროექტს ის ადეკვატურად პასუხობს, რომ "პანორამა თბილისი" როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია. რაც შეეხება ქალაქის ისტორიულ ნაწილს, "პანორამა თბილისი" მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, "პანორამა თბილისის" ის კომპონენტი, რომლის მშენებლობაც ისტორიულ ნაწილში მოხდება, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის წესით იქნება განხორციელებული და აშენებული.  "ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ ქალაქის ისტორიული საზღვრების დადგენას და კვლევა იქნება საკმაოდ დეტალური, მრავლისმომცველი, თუ როგორ უნდა განვითარდეს როგორც ესთეტიკური, ასევე ტურისტული თვალსაზრისით ქალაქის ისტორიული ნაწილი. მნიშვნელოვანი დოკუმენტი მზადდება, რაც ჩვენი სტრატეგიული სამუშაო დოკუმენტი გახდება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ხელოვნურად იყვნენ შეცდომაში შეყვანილნი ტენდენციური, ცალმხრივი ინფორმაციის მიწოდებით. ნარმანიამ დასძინა, რომ "პანორამა თბილისის" პროექტზე 20-ზე მეტი სხვადასხვა დასკვნა მომზადდა როგორც არქეოლოგიური, ეკოლოგიური ტრანსპორტით და სხვა კუთხით და კითხვები, რომელიც არსებობდა, არც ერთი მათგანი პასუხგაუცემელი არ დარჩენილა.