"ცალკეულ უბნებზე სამუშაოები სრულდება, რათა ქალაქში საცობები შევამციროთ"

მარტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით საცობების პრობლემა დედაქალაქში ვერ მოგვარდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მერმა წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა, აღმოიფხვრება თუ არა საცობები დედაქალაქში და როდის გაიხსნება ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მეორე მიმართულება. დავით ნარმანიას თქმით, უახლოეს პერიოდში გაიხსნება ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მეორე მიმართულება, თუმცა კონკრეტული დრო მას არ დაუსახელებია. მისივე თქმით, დედაქალაქში საცობების პრობლემის აღმოსაფხვრელად დედაქალაქის ცალკეულ უბნებზე მუშაობა მიმდინარეობს.

"სამუშაოები სრულდება ცალკეულ უბნებზე, რათა შევამციროთ ქალაქში საცობები. მაგრამ ავტომანქანების რაოდენობა დედაქალაქში, ერთი მხრივ, ისეთი ინტენსივობით იზრდება და მეორე მხრივ, შეზღუდული სივრცე გვაქვს, რომ მხოლოდ მუნიციპალური პროექტების განხორციელებით შედეგი ვერ იქნება მიღწეული და საცობების პრობლემა კვლავ დარჩება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.