დავით ნარმანია იტალიის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია იტალიის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით,  შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, იტალიის საელჩოს კომერციული ატაშე მასიმო მარიანი ესწრებოდა. მათივე ცნობით, საუბარი ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობას შეეხო. როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ აღნიშნა, იტალიურ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მიიღონ მონაწილეობა.

თბილისის მერის თქმით, ამის მაგალითია იტალიურ კომპანია "გრივენთან" თანამშრომლობა, რომელიც თბილისის ანძის განათების განახლებაში მონაწილეობს. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროებში იტალიური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე, მათ შორის, ტრანსპორტის, ნარჩენების მართვისა და სამშენებლო სფეროში.

ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოში იტალიის ელჩი 2015 წლის პირველი სექტემბრიდანაა.