ისრაელში გასაგზავნად ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 44 მონაწილე შეარჩია

ინოვაციური მეწარმეობის სატრენინგო პროგრამისათვის ისრაელში გასაგზავნად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 44 მონაწილე შეარჩია. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური მეწარმეობის სატრენინგო პროგრამით სწავლება ქალაქ თელ-ავივში 1-13 ნოემბერს გაიმართება.  როგორც სააგენტოში აცხადებენ, ისრაელი ინოვაციური სტარტ-აპების კუთხით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში და მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. პროგრამის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თელ-ავივის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა. "პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული IT კომპანიებისა და სტარტაპების განვითარებას, მათთვის საერთაშორისო დონის, პრაქტიკული ცოდნის გადაცემას და გლობალური მნიშვნელობის კომპანიების ჩამოყალიბებაში დახმარებას", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა, ენერგიულ, მეწარმული სულისკვეთების მქონე მონაწილეებისთვის, რომლებიც მზად არიან გაიზიარონ ისრაელის გამოცდილება ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მიმართულებით. აიმაღლონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა და მიიღონ გამოცდილება, თუ როგორ გახდნენ უფრო წარმატებულები, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე და დანერგონ შესწავლილი მეთოდოლოგიები საკუთარ საქმიანობაში.

სააგენტოს განცხადებით, პროგრამა ფინანსდება ქართველი მეცენატის, მიხეილ მირელაშვილის მიერ და მასში მონაწილეობა უფასოა. მირელაშვილის განცხადებით, ეს არ არის ერთჯერადი თანამშრომლობა და იგი ქართული IT ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას მომავალშიც გააგრძელებს.  სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამას ისრაელის ინოვაციების ეკოსისტემის მთავარი არქიტექტორები, წამყვანი IT კომპანიების თანამშრომლები, ინვესტორები და გამოცდილი მენტორები გაუძღვებიან. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან Google Campus Tel-Aviv-ს, ადგილობრივ აქსელერატორებს და ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემის სტრუქტურას შეისწავლიან.

მონაწილეები შერჩევა მოხდა სააგენტოსა და თელ-ავივის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის მიერ, პირველ ეტაპზე აპლიკაციის, ხოლო შემდეგ გასაუბრების საფუძველზე.