ჩვენი ქვეყნების სხვადასხვა სტრუქტურებში გაწევრიანება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ქართველ კოლეგა, გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე მტკიცებით, პირიქით, ეს ორი ქვეყნისთვის მეტ შესაძლებლობას ქმნის. "უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით თბილი მიღებისთვის. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაწვრილებით განვიხილე ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და განვსაზღვრეთ ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. თქვენთვის ცნობილი იქნება, რომ ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მივიღო ძველი თბილისის ისტორიულ ტერიტორიაზე რესტავრირებული სომხური ტაძრის ხელახალი კურთხევის ცერემონიაში. მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი წმინდა ეკლესიის რესტავრაციის საკითხში მხარდაჭერისთვის. ჩვენც ასევე დიდი პატივისცემით და მზრუნველობით ვეპყრობით სომხეთში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობებს. ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ შევძლებთ გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. რაც შეეხება სახელმწიფოთაშორის დღის წესრიგს, მინდა კმაყოფილება გამოვთქვა, რომ ბოლო წლებში ქართულ-სომხური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ხორციელდება სრული ურთიერთნდობით. ბატონ პრეზდენტთან ასევე განვიხილეთ ის სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ერთად წამოვიწყეთ. ეჭვს გარეშეა, რომ სომხეთსაც და საქართველოსაც საკმარისი პოტენციალი აქვთ გააღრმაონ ეკონომიკური ურთიერთობა და ამას ახორციელებენ მთავრობათაშორისი დოკუმენტებით აღებული ვალდებულებებით. მეტიც, დარწმუნებული ვარ სხვადასხვა სტრუქტურებში გაწევრიანება არ უშლის ხელს და პირიქით უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის ურთიერთსასარგებლო პროგრამების განხორციელებისთვის. სომხეთის გაწევრინება ევრაზიულ კავშირში და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უარყოფითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე. პირიქით, ეს დადებით გავლენას მოახდენს და მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ 2014 წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და იგივე ტენდენციაა 2015 წლის 9 თვის შედეგებით", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
სერჟ სარგსიანის თქმით, ქართველ კოლეგასთან განიხილა რეგიონალური მნიშვნელობის საკითხებიც.