ბაკურიანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოები ხორციელდება

ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოები ხორციელდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი უახლოეს მომავალში დასრულდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, დაბა ბაკურიანში აღნიშნული პროგრამით შემოიღობა პარკის ტერიტორია, რომელიც 25 803 ლარით დაფინანსდა. დაბაში სასაფლაოს შემოღობვითი სამუშაოების მე-2 ეტაპიც განხორციელდა.

აღნიშნული მუნიციპალიტეტში ასევე აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ დიდ მიტარბიდან დაბა ბაკურიანთან დამაკავშირებელ გზაზე არსებულ 4 ხიდს, რომლებიც წლების განმავლობაში მოუწერიგებელ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა.  გამგებლის განმარტებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ანდეზიტისათვის სამშენებლო მასალები შეიძინეს. სოფელ თორში კი მისასვლელი გზის მოხრეშვა მიმდინარეობს.