სპირტიანი სასმელების ნაწილი 10%-ით გაიაფდება

ხილისა და ყურძნის მასალაზე დამზადებული სპირტიანი სასმელი 10%-ის ფარგლებში გაიაფდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მოსალოდნელი ცვლილება აქციზის გადასახადის შემცირებას უკავშირდება, რომელიც მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ ამ ტიპის სასმელების სეგმენტისთვის დააწესა. მიღებული გადაწყვეტილებით, აქციზის გადასახადი დაახლოებით 35%-ით შემცირდება.

როგორც მთავრობაში განმარტავენ, გადაწყვეტილება ტრადიციული სასმელების პოპულარიზაციის მიზნით მიიღეს.

ამით თითქმის ყველა სახეობის ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის გადასახადი გათანაბრდება. ორიოდე დღის წინ ეკონომიკური საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. მიღებული გადაწყვეტილებით, იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, 9,2 ლარის ნაცვლად, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას შეფასებით, აქციზის გადასახადის შემცირება ხელს შეუწყობს როგორც ხილისა და ყურძნის ადგილობრივი ნედლეულისგან სპირტიანი სასმელების წარმოებას, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულის რეალიზაციას. ”საქართველოს ყველა რეგიონში ხილისა და ყურძნის დიდი რაოდენობის ნარჩენი ნედლეულია, რომლისგანაც მაღალი ხარისხის სპირტიანი სასმელების დამზადებაა შესაძლებელი. ”შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს, 10-მდე ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა დაფინანსდა. ეს საწარმოები ყურძნისა და ხილისგან სპირტიანი სასმელების დამზადებას მომავალი სეზონიდან გეგმავენ”, - განაცხადა მინისტრმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ აქციზის გადასახადის შემცირება ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას და უცხოურ ბაზრებზე ქართული ტრადიციული სასმელის ცნობადობას გაზრდის. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, კონიაკის წარმოებისა და ექსპორტის მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია. არსებული მონაცემებით, 2014 წელს ექსპორტირებული კონიაკის რაოდენობამ 8,7 მილიონ ბოთლზე მეტი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 4,5 მილიონი ბოთლით განისაზღვრა. რაც შეეხება ჭაჭის ექსპორტს, წინა წელს მან 99 ათასი ბოთლს მიაღწია, ხოლო 2015 წლის 9 თვეში უკვე 98 ათასია. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ფიქრობენ, რომ სპირტიანი სასმელების საექსპორტო მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან წინაა სადღესასწაულო პერიოდი, როდესაც ექსპორტზე მოთხოვნა ტრადიციულად მატულობს.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის შეფასებით, აქციზის გადასახადის შემცირება წარმოებას მნიშვნელოვნად წაახალისებს, ტრადიციული სასმელის პოპულარობასაც განსაზღვრავს, რომლის წილიც ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზეც მცირეა. ”ამიერიდან ერთი ტიპის ალკოჰოლური სასმელების აქციზის გადასახადი გათანაბრდა. ხილისა და ყურძნის მასალაზე დამზადებული სპირტიანი სასმელების წილი ბაზარზე მცირეა. გადასახადის შემცირება წარმოებას მნიშვნელოვნად წაახალისებს. გარდა ამისა, ტურიზმის თვალსაზრისითაც ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან ხელს შეუწყობს ტრადიციული სასმელის პოპულარიზაციას. ბუნებრივია, კონკურენციაც გაიზრდება. საქართველოში ტრადიციულად სასმელზე მოთხოვნა დიდი არ არის, მაგრამ საინტერესო პროდუქტია. რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ამიტომ ჩვენი მცდელობაა, წახალისდეს ბიზნესი, რომ აქციზის გადასახადის შემცირება ადგილობრივ გაყიდვაზეც აისახოს. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვან ცვლილებას ველოდებით”,- განმარტავს გიორგი სამანიშვილი.

ბოლო პერიოდში ქართული ღვინის კომპანიებმა ეტაპობრივად დაიწყეს ჭაჭის წარმოება. ამან ერთგვარი სასიკეთო ტენდენციის სახე მიიღო და დღეს მომხმარებელს სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ჭაჭას შორის არჩევანის გაკეთებაც კი შეუძლია.

კომპანია ”შუხმან ვაინსმა” ბოლო დროს წარმოება მნიშვნელოვნად გააფართოვა, რაც ასევე აისახა ჭაჭის წარმოებაზეც. კომპანიის გენერალური დირექტორის ნუცა აბრამიშვილის შეფასებით, გადასახადის ლიბერალიზაცია სპირტიანი სასმელის პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მეწარმე ფიქრობს, რომ სასმელის ფასი დაიკლებს, რაც გაყიდვაზეც აისახება.  ”თავის დროზე აქციზის გადასახადის გაზრდა წარმოებას მძიმე ტვირთად დააწვა. პირველ რიგში, მან გავლენა ფასზე მოახდინა. კარგია, რომ მთავრობამ შეძლო ადრე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და მისი ლიბერალიზაცია მოახდინა. იმედი მაქვს, რომ ამით წარმოება წახალისდება, სპირტიანი სასმელის ფასი დაიწევს კიდეც და რეალიზაციის სტიმულირება მოხდება. ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება მთავრობამ ბიზნესს შესთავაზოს”, - აცხადებს აბრამიშვილი.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჭაჭა, ღვინის შემდეგ, ქართული ალკოჰოლური სასმელებიდან, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია, ჭაჭის შუშის ბოთლებში ჩამოსხმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყეს. ქართული სასმელი საკმაოდ დიდი მოწონებითაც სარგებლობდა - განსაკუთრებით, რუსეთსა და უკრაინაში.

”კახური ტრადიციული მეღვინეობის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ აქციზის გადასახადის გაძვირების მიუხედავად, სპირტიანი სასმელი არ გაუძვირებია.

თუმცა, გადასახადის ლიბერალიზაციის შემთხვევაში, არ გამორიცხავს, ფასი გადაიხედოს: ”მწარმოებლისთვის აქციზის გადასახადის გაზრდა მთავრობის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამით მოგების მარჟა შეგვიმცირდა, სპირტიანი სასმელი შეგნებულად არ გავაძვირეთ. ყოველთვის მქონდა იმედი, რომ გადასახადის ლიბერალიზაციას მოახდენდნენ. სწორედაც მოიქცნენ, რაც წარმოებული პროდუქციის გაყიდვაზე აისახება და ეკონომიკასაც უფრო მეტად გაუმაგრებს ზურგს. ბაზარიც უფრო კონკურენტუნარიანი გახდება და ყველა მეწარმე ფასს გადახედავს. ჩემი ვარაუდით, შეიძლება სპირტიანი სამსელი 8%-ის ფარგლებში გაიაფდეს” - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

მეწარმე გიორგი სახვაძის ვარაუდით, გაძვირებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, 10%-ით შემცირდეს. ”ხილის არაყს ვაწარმოებთ. აქციზის გადასახადის შემცირების გამო პროდუქტი დაახლოებით 8-10%-ით გავაძვირეთ. ახლა საშუალება მოგვეცა, რომ სპირტიანი სასმელი იმავე მაჩვენებლით გავაიაფოთ. თავის დროზე პროდუქტის გაძვირებამ გაყიდვა მნიშვნელოვანდ შეამცირა. იმედი მაქვს, რომ ფასის გადახედვით ამ პრობლემას დავძლევთ”, - ამბობს მეწარმე.

შეგახსენებთ, რომ ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის გადასახადი მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან გაიზარდა. საქართველოში მთავრობის ინიციატივითა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, აქციზის გადასახადი ამ ტიპის სასმელებისთვის გაორმაგდა.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"