რუსეთში პუტინის ე.წ "სმაილები" შექმნეს

რუსეთში ახალგაზრდულმა მოძრაობა „ქსელმა“ ვლადიმერ პუტინისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გამოსახულებიანი ე.წ სმაილები შექმნა. რუსეთის მთავრობის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ქვეყნის პრეზიდენტის გამოსახულებიანი „სმაილის“ გარდა, რუსული კულტურის აღმნიშვნელი „სმაილებიც“ შექმნეს. მათ შორისაა ჩებურაშკას, ბალალაიკას, კრემლის, პუშკინის და ჩეხოვის გამოსახულებიანი „სმაილებიც“. ასევე ყირიმის „სმაილიც“, რომლის ანექსიაც რუსეთმა გასულ წელს მოახდინა.  „მიუხედავად იმისა, რომ „სმარტფონები“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოდის, ადამიანებს მხოლოდ ამერიკული „სმაილების“ კოლექციას სთავაზობენ. მათი უმრავლესობა კი არატრადიციულია ჩვენს კულტურასთან მიმართებაში“, - აღნიშნა აპლიკაციის ერთ-ერთმა შემქმნელმა ანტონ ვოლოდინმა.

„პატრიოტული სმაილები“ ხელმისაწვდომია RuGram-ის მომხმარებლებისთვის, რომლის დაინსტალირებაც „ანდროიდის“ მქონე „სმარტფონებისთვისაა“ შესაძლებელი. IPhone-ის ვერსიისთვის კი იგი იანვრისთვის იქნება მზად.