მსოფლიოში ყველის ყველაზე დიდი მწარმოებელი, ექსპორტიორი და მომხმარებელი ქვეყანა

მსოფლიოში ყველის წარმოება წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად იზრდება მისი ექსპორტი და მოხმარება, თუმცა ამ სამ რგოლში ლიდერები განსხვავებულია. მაგალითად,  ყველის ყველაზე დიდი მომხმარებლები ფრანგები არიან, ყველაზე დიდი მწარმოებლები - ამერიკელები, ხოლო ყველაზე დიდი ექსპორტიორები - გერმანელები. ცნობისათვის, გასულ წელს ყველის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 33,1 მილიარდი დოლარი შეადგინა და ის 29,3%-ით მეტია 2010 წლის შემოსავალზე. რაც შეეხება მის ღირებულებას, ის ყოველწლიურად 2,8%-ით იზრდება.

მსოფლიოში ყველის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ციფრებში ასეთია:

1. გერმანია- 5.1 მილიარდი დოლარი (მსოფლიო ექსპორტის 15.5%)

2. ნიდერლანდები - 4.5 მლრდ დოლარი

3. საფრანგეთი - 4,5 მლრდ დოლარი

4. იტალია - 2,9 მლრდ დოლარი

5. აშშ - 1,7 მლრდ დოლარი

ათეულში ასევე მოხვდნენ დანია, ახალი ზელანდია, ბელგია, ირლანდია, და პოლონეთი.

რაც შეეხება ყველის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს, აქ ლიდერობას არავის უთმობს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ქვეყანაში ყოველწლიურად 5,163, 564 ტონა ყველს აწარმოებენ, რაც მსოფლიო ყველის წარმოების 26 პროცენტია. ყველის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

1. აშშ - 5.163.564 ტონა

2. გერმანია - 2.047.453 ტ

3. საფრანგეთი - 1.942.375ტ

4. იტალია - 1,133,756ტ

5. ნიდერლანდები - 746,263ტ

ათეულში ასევე მოხვდნენ პოლონეთი, ეგვიპტე, რუსეთი, არგენტინა და კანადა.

რაც შეეხება ყველის ყველაზე დიდ მომხმარებელ ქვეყნებს ერთ სულ მოსახლეზე, აქ ლიდერია საფრანგეთი,  სადაც ერთი ზრდასრული ადამიანი საშუალოდ წელიწადში თითქმის 26 კგ ყველს მიირთმევს.

ზოგადი სურათის მიხედვით კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ საკვებს ყველაზე მეტად მოიხმარენ ევროპლები. მერძევეობის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, რეიტინგი ასეთია:

1. საფრანგეთი 26,3 კგ

2. გერმანია 24.3 კგ

3. ლუქსემბურგი 24.2 კგ

4. ისლანდია 24.2 კგ

5. საბერძნეთი 23.2 კგ

ათეულში ასევე მოხვდნენ ფინეთი, იტალია, შვეიცარია, ესტონეთი, და ნიდერლანდები.

ზოგადად კი, წელიწადში,  ევროკავშირის ერთ სულ მოსახლეზე 17.2 კგ ყველი მოდის, რაც ერთი ამერიკელის მიერ წელიწადში მოხმარებული ყველის მაჩვენებელზე 2.2 კგ-ით მეტია.

კოკა კვირკველია