გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მაიკლ ფრომანს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მაიკლ ფრომანს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხებზე, კერძოდ, ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე იმსჯელეს და ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის (HLTD) მონაწილეებს აღნიშნული ძალისხმევის მხარდასაჭერად მიმართეს, რაც ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობების შესწავლას გულისხმობს.

მათივე განმარტებით, ფრომანმა და კვირიკაშვილმა აშშ-საქართველოს შორის შეთანხმებული განცხადებები გააჟღერეს, კერძოდ, ,,საერთაშორისო ინვესტიციების პრინციპებისა" და ასევე ,,საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ვაჭრობის პრინციპების" შესახებ. "საერთაშორისო ინვესტიციების პრინციპების შესახებ განცხადება წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს ვალდებულებას, შექმნან და შეინარჩუნონ ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც შესაძლებელს გახდის და წაახალისებს საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებას, გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარ ინვესტიციებს ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. აღნიშნული პრინციპები ითვალისწინებს ღია და არადისკრიმინაციული საინვესტიციო რეჟიმის ჩამოყალიბებას, უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეზე დაცვას, კანონებისა და რეგულაციების შემუშავების პროცესის გამჭვირვალობასა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობას, და კეთილსინდისიერი კონკურენტული საინვესტიციო გარემოს შექმნას", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ვაჭრობის პრინციპების (ICT) მიხედვით, აშშ და საქართველო კისრულობენ ვალდებულებებს იმ სექტორში, რომელსაც გლობალურ ეკონომიკაზე ტრანსფორმაციული გავლენა გააჩნია. "ICT-ის პრინციპების აღიარება ხელს შეუწყობს ICT-ის სერვისების გლობალურ განვითარებას, ინტერნეტისა და სხვა ქსელური აპლიკაციების ჩათლით, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური ელექტრონული კომერციის განვითარების კუთხით. აღნიშნული პრინციპები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინფორმაციის ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლა, მომსახურების ტრანს-სასაზღვრო მიწოდების ხელშეწყობა და უცხოური ინვესტიციები ICT-ის სექტორში", - განმარტავენ სამინისტროში.

ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის (HLTD) მეორე შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწე დენიელ მალინი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა აშშ-სა და საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობისთვის შექმნილი ტექნიკური ბარიერები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეებმა ასევე განიხილეს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხები, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ დისკუსიას ტექნიკურ ექსპერტთა დონეზე და გააგრძელებენ მუშაობას ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.