წყალტუბოს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, წყალტუბოში დასკვნითი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, უკვე სრულდება ცენტრალურ პარკში, ცივ ტბასა და ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე სამუშაოები.  "ცენტრალურ პარკში და ცივ ტბაზე გზების, სავალი ბილიკებისა და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 7 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ხოლო აღნიშნული ტერიტორიების გამწვანების, კეთილმოწყობისა და სარწყავი სისტემის მონტაჟისთვის – 3 161 900 ლარი. ცენტრალური მოედნის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობაზე და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაზე კი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა", - აცხადებენ მხარის რწმუნებულის აპარატში.

მათივე განმარტებით, რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კურორტი წყალტუბო განვითარების მეორე ეტაპზე გადავა, რაც ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. "საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და უკვე კონკრეტული წინადადებებიც არსებობს უცხოელი ინვესტორებისგან", - აღნიშნავენ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.